“უკანასკნელი მოწოდება დემოკრატიისაკენ: შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მაშველი რგოლი უნდა გადაუგდოს”-The Washington Post

41
spot_img

აშშ-ის გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით: „უკანასკნელი მოწოდება დემოკრატიისაკენ: შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მაშველი რგოლი უნდა გადაუგდოს”, რომელშიც გადმოცემულია ამერიკელი ჟურნალისტების ნეგატიური პოზიცია საქართველოში, საპარლამენტო არჩევნების წინ შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის შესახებ.

პუბლიკაციაში გაკრიტიკებულია საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების” ხელისუფლების პოლიტიკა და აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ზეგავლენა უნდა მოახდინოს შექმნილ მდგომარეობაზე – არ უნდა დაუშვას, რომ საქართველო ერთპარტიული სახელმწიფოს სახით არსებობდეს.

გთავაზობთ სტატიას უმნიშვნელო შემოკლებით:

პოლიტიკურ ჯგუფებს შორის თავისუფალი კონკურენციის გარეშე დემოკრატიის არსებობა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ არის სამხრეთკავკასიური ქვეყნიდან – საქართველოდან ბოლო ცნობები ასე საგანგაშო. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, ავტორიტარული, პრორუსული დაჯგუფება, დაიმუქრა, რომ თუ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობას მოიპოვებს, ყველა ოპოზიციურ პარტიას აკრძალავს. ეს შესაძლოა საქართველოს დემოკრატიისთვის ბოლო გაფრთხილება იყოს. შეერთებულ შტატებს ქვეყნის გადასარჩენად მეტის გაკეთება შეუძლია.

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის საქართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ის, რომ აქ მოსახლეობის დიდი ნაწილი დემოკრატიული მომავლისა და ევროპასთან კავშირების გაღრმავების ერთგული რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება რუსეთთან არის კავშირში. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც პატარა ლიბერალური პარტიის წევრია და „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს, გასულ თვეში გამოსვლაში პირდაპირ თქვა, რომ მოახლოებული არჩევნები „ეგზისტენციალური ხასიათისაა“. „არჩევანი იქნება რუსეთის მონობასა და ევროპასთან თანამშრომლობას შორის“, – განაცხადა ქალბატონმა ზურაბიშვილმა.

როდესაც პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ამ წლის დასაწყისში სცადა გაეტარებინა რეპრესიული „უცხოური აგენტების“ კანონი, რომელიც შეიქმნა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ შემუშავებული კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები გამოვიდნენ ქუჩებში, რათა გაეპროტესტებინათ ეს „რუსული კანონი“ და ლიდერების როლი ახალგაზრდებმა იკისრეს.

საბოლოოდ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, საპრეზიდენტო ვეტო გადალახა და კანონმდებლობა ძალაში შევიდა. ის მოითხოვს ნებისმიერ არასამთავრობო ან მედია ორგანიზაციისგან, რომელიც იღებს თავისი დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს საზღვარგარეთიდან, როგორც ამას აკეთებს საქართველოს 10,000-მდე არაკომერციული ორგანიზაცია, დარეგისტრირდეს საჯარო მონაცემთა ბაზაში უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად. კანონი ამჟამად გასაჩივრებულია სასამართლოში. სხვა რეპრესიულ ქვეყნებში მსგავსი კანონები გამოიყენეს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების სტიგმატიზაციისა და მათი დაფინანსების ჩასახშობად. ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილეს საქართველოს მთავრობა, რომ კანონი წარმოადგენს სერიოზულ დაბრკოლებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, რაც უდავოდ არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქართული ოცნება და რუსეთი მხარს უჭერენ ამ კანონს.

უახლესი ინფორმაციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ცალსახად დაიმუქრა გასულ თვეში, რომ გააუქმებს მთავარ ოპოზიციურ პარტიებსა და კოალიციებს, თუ ქართული ოცნება მოიგებს 150-კაციან პარლამენტში მინიმუმ 113 მანდატს. „სინამდვილეში, ეს ყველაფერი ერთი პოლიტიკური ძალაა“, – განაცხადა მან ოპოზიციურ პარტიებსა და კოალიციებზე, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესახებ, რომელიც დააარსა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, დღეს კი ის პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით არის დაპატიმრებული.

ბიძინა ივანიშვილმა, მილიარდერმა ყოფილმა პრემიერმა, რომელიც „ქართული ოცნების“ უკან დგას, არაერთხელ უწოდა ოპოზიციას ჩრდილოვანი გლობალური შეთქმულების ნაწილი, რომლის მიზანი საქართველოს ხელში ჩაგდებაა.

პრემიერ-მინისტრის ბოლო კომენტარები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ “ქართული ოცნება” ემზადება ოპოზიციის გასანადგურებლად. ბატონმა კობახიძემ აშკარად არ თქვა, როგორ განხორციელდება ეს, მაგრამ განაცხადა, რომ მმართველი პარტია დაამტკიცებს, რომ ოპოზიციამ სააკაშვილის მეთაურობით 2008 წლის ომის დანაშაულებრივი პროვოცირება მოახდინა, რაც აბსურდია: რუსეთი შეიჭრა საქართველოში და დღემდე ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორიის 20 პროცენტი.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქართველების თითქმის ორი მესამედი თვლის, რომ ქვეყანა არასწორ გზაზე დგას და რომ დროა შეიცვალოს ქართული ოცნების მმართველობა. განწყობა განსაკუთრებით მძაფრია ახალგაზრდებში.

31 ივლისს სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაჩერა 95 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი ფინანსური დახმარება საქართველოს მთავრობის „ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და ცრუ განცხადებების“ გამო. საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში მოსახლეობის ძლიერი მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ევროკავშირმა შეაჩერა ეს პროცესი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ. ეს არის გონივრული, აწონილ-დაწონილი სანქციები „ქართული ოცნების“ ავტორიტარული ტენდენციების საპასუხოდ. შეერთებულმა შტატებმა უნდა ისარგებლონ არჩევნებამდე დარჩენილი დროით და უნდა გამოვიდეს როგორც თავისუფალი და სამართლიანი ხმის მიცემის, ხმების სწორი დათვლის დასაცავად, ასევე იმისთვისაც, რომ არჩევნების შედეგების მიმართ ყველა მხარემ პატივისცემა გამოხატოს.

საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მოისმინონ პრეზიდენტ ჯო ბაიდენისაგან და კონგრესისაგან, რომ აშშ არ მოითმენს ერთპარტიული ქართული სახელმწიფოს არსებობას. თუ შეერთებული შტატებს სიტუაციისადმი „კეთილგანწყობილი უგულვებელყოფითი“ დამოკიდებულება ექნება, მაშინ შესაძლოა დემოკრატიის სიკვდილი კიდევ ერთ პოლიტიკურად იმედის მომცემ პოსტსაბჭოთა რეგიონში ვიხილოთ“.

მოამზადა სიმონ კილაძე

წყარო: