უძილობა მეხსიერების დაქვეითებას იწვევს, – ამის შესახებ აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი “ჯორჯიან თაიმსის” ბლოგში წერს.
მისი განმარტებით, ნეირომეცნიერების ბოლოდროინდელი კვლევები ხაზს უსვამენ ძილის და უძილობის მნიშვნელოვან გავლენას მეხსიერების ფუნქციაზე. მაშინ, როცა ძილი და სიზმარი მეხსიერების გამყარებას ემსახურება, ძილის დარღვევა და უძილობა უარყოფითად მოქმედებს და აზიანებს მეხსიერებას.
“ძილი გადამწყვეტ როლს თამაშობს მეხსიერების გამყარებაში, შერჩევითად ინარჩუნებს მნიშვნელოვან მეხსიერებას და უმნიშვნელო მეხსიერებას შლის. ძილის დარღვევებმა, უძილობამ, ძილის აპნოემ და მოუსვენარი ფეხების სინდრომმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს ეს პროცესი და გამოიწვიოს მეხსიერების დაქვეითება.
სიზმარიც მეხსიერების ჩამოყალიბებასთანაა დაკავშირებული. სიზმრების შინაარსი შეიძლება პირდაპირ ასახავდეს ნერვულ აქტივობას, რომელიც ბოლოს განცდილ ამბავთან არის დაკავშირებული, რაც კიდევ უფრო ამტკიცებს ძილის როლს მეხსიერების კონსოლიდაციაში.
ქრონიკული უძილობა მეხსიერების დამუშავებაში ჩართული ტვინის რეგიონების მოცულობის შემცირებას იწვევს, რაც მეხსიერების დაქვეითების ნეიროანატომიურ საფუძველზე მიუთითებს.
ძილის აპნოე, რომელიც ძილის დროს სუნთქვის ხანმოკლე შეფერხებით ხასიათდება, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მეხსიერებაზე. კვლევები აჩვენებს, რომ ძილის აპნოეს მქონე პირებს მეხსიერების დაქვეითება აღენიშნებათ და ამ დროს განსაკუთრებით ეპიზოდური ვერბალური მეხსიერება ზიანდება.
ძილის დარღვევამ ნევროლოგიური პრობლემების გარდა, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალური დისრეგულაცია, იმუნური, მეტაბოლური დარღვევები, ნაწლავის დისფუნქცია”, – წერს ექიმი.
ქეთი შავლიაშვილის განმარტებით, ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად რეკომედებულია შემდეგი:
✅ჩამოაყალიბეთ ძილის თანმიმდევრული რუტინა, თქვენი ორგანიზმის შიდა საათის დასარეგულირებლად დაიძინეთ და გაიღვიძეთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.
✅შექმენით ძილისთვის ხელსაყრელი გარემო. ეცადეთ საძინებელში შეინარჩუნოთ გაჯეტებისგან თავისუფალი, გრილი, მშვიდი და ბნელი გარემო, რაც ხელს შეუწყობს რელაქსაციას და ღრმა ძილს.
✅განსაკუთრებულად მოერიდეთ კოფეინს, ალკოჰოლს და შაქარს ძილის წინ. ჩართეთ თქვენს დიეტაში ძილის ხელშემწყობი საკვები ნივთიერებები, როგორიცაა მაგნიუმი, ტრიპტოფანი და ვიტამინი D (ხორცი, რძე, თხილეული, შავი შოკოლადი, ავოკადო, თევზი, იოგურტი, სოკო).
✅რეგულარულად ივარჯიშეთ, რაც ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში და ძილ-ღვიძილის ბუნებრივი ციკლის დარეგულირებაში დაგეხმარებათ.
✅ ჩართეთ სტრესის შემცირების ტექნიკა, როგორიცაა ღრმა სუნთქვა, მედიტაცია, იოგა თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, რათა ხელი შეუწყოთ რელაქსაციას და გააუმჯობესოთ ძილის ხარისხი”, – წერს ქეთი შავლიაშვილი.