
უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება თვითმმართველობის არჩევნებისათვის, პირობას ვაძლევ საზოგადოებას, რომ “ქართული ოცნება” მოიპოვებს მეათე დამაჯერებელ გამარჯვებას – ჩვენი ოპონენტები დამარცხებისათვის არიან განწირულები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მისი პარტიის განცხადებული მიზანია, 64-ვე მუნიციპალიტეტში არჩევნების მოგება და დამაჯერებელი გამარჯვება, ხოლო “აგენტურული პარტიები ვეღარასდროს გაიმარჯვებენ”.
“ერთ-ერთი საინტერესო საკითხი არის თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნები. მომდევნო დღეებში ნამდვილად არა, მაგრამ უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება არჩევნებისათვის, რომელშიც ჩართული იქნება პარტიული სტრუქტურის ყველა რგოლი. ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნები როგორც მერის, ასევე, საკრებულოს არჩევნებზეა საუბარი და გავიმარჯვოთ დამაჯერებლად, რისთვისაც, როგორც აღვნიშნე, უახლოეს პერიოდში დავიწყებთ მზადებას და პირობას ვაძლევ საზოგადოებას, რომ რიგით მე-10 არჩევნებში “ქართული ოცნება” მოიპოვებს მე-10 დამაჯერებელ გამარჯვებას.
ჯერ კიდევ არის დრო და ჩვენი ოპონენტები (ოპონენტებად თუ იწოდებიან) არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი დამარცხებისათვის არიან განწირულები, რადგან საქართველოში აგენტურული პარტიები ვეღარასდროს გაიმარჯვებენ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.