ტუსაღის წერილი „ვივამედიდან“ – სააკაშვილმა ლონდონის გაზეთ „თაიმსს“ წერილი გაუგზავნა

383
spot_img

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსულენოვანი სამსახურის (BBC russian) ვებ-გვერდზე 18 ივლისს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „დასავლეთი პუტინის შესახებ ჩემს გაფრთხილებებს იგნორირებდა“: მიხეილ სააკაშვილმა ლონდონის გაზეთ „თაიმსს“ წერილი გაუგზავნა“. მასში განხილულია ბრიტანულ გაზეთ The Times-ში 17 ივლისს გამოქვეყნებული პუბლიკაცია, რომლის ავტორია ჟურნალისტი მარკ ბენეტი (სხვათა შორის, იგივე პუბლიკაცია გამოქვეყნდა ავსტრალიისა და რიგი სხვა ქვეყნების პრესაშიც).

გთავაზობთ BBC russian-ის მასალას:

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წამყვან ბრიტანულ გაზეთს „თაიმსს“ წერილი გაუგზავნა, რომელშიც განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა თითქმის ორი ათეული წლის წინ მკაფიოდ მიანიშნა უკრაინის დაპყრობის სურვილი.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ვლადიმერ პუტინის აგრესიულ ტერიტორიულ ამბიციებს დასავლეთი იგნორირებდა, თუმცა ამის თაობაზე არაერთხელ ისმოდა განცხადებები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მიერაც.

ტუსაღის წერილი „ვივამედიდან“

საქართველოს ექს-პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეს წარმოადგენს, თბილისის კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება, გასული წლის მაისიდან. იგი 2021 წლის ოქტომბერში დააკავეს, უკრაინიდან საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ.

მიხეილ სააკაშვილს ქართველი სამართალდამცველების მიერ რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული. ორი ბრალდების მიხედვით, მას საქართველოში დაბრუნებამდე დაუსწრებლად ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

თვითონ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თავს „ვლადიმერ პუტინის პატიმარს“ უწოდებს და მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად თვლის

„თაიმს“-ისადმი გაგზავნილ წერილში მიხეილ სააკაშვილი ჰყვება, რომ 2004 წელს, როცა იგი კრემლში ვლადიმერ პუტინს პირველად შეხვდა, რუსეთის პრეზიდენტი მასთან საუბარში მეზობელი ქვეყნების მიწების ხელში ჩაგდების გეგმებს არ მალავდა. „ყველაფერზე, რასაც იგი ახლა აკეთებს, მან ჯერ კიდევ ჩვენი პირველი შეხვედრის დროს მკაფიოდ მიმანიშნა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

როგორც ჟურნალისტი მარკ ბენეტი აღნიშნავს, ექს-პრეზიდენტის მიერ „თაიმსისთვის“ დაწერილი წერილი საავადმყოფოდან საიდუმლოდ იქნა გამოტანილი.

შეხვედრა გერჰარდ შრედერთან

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ვლადიმერ პუტინთან პირველი სეხვედრის შემდეგ იგი ბერლინშიც ჩავიდა, სადაც გერმანიის იმდროინდელ კანცლერს გერჰარდ შრედერს შეხვდა და თავისი შეშფოთება გაუზიარა. როგორც ცნობილია, იმ დროს შრედერს პუტინთან კარგი ურთიერთობები ჰქონდა (ახლაც ასეა). სწორედ მისი ხელშეწყობით დაიწყო  გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ დაპროექტება, ბალტიის ზღვის ფსკერზე ჩაიდებოდა რუსული გაზის გერმანიისათვის მისაწოდებლად.

2022 წლის მაისამდე გერჰარდ შრედერი რუსეთის სანავთობო კომპანიის „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს წევრი იყო, იგი შედიოდა კიდევ ერთი ენერგოგიგანტის – „გაზპრომის“ დამკვირვებელთა საბჭოშიც.

ექს-კანცლერმა რუსეთის არმიის შეჭრა უკრაინაში, მართალია, დაგმო, მაგრამ მოსკოვთან ახლო კავშირები არ გაუწყვეტია. „ამიტომაც არაფერი არაა გასაკვირი იმაში, რომ გერჰარდ შრედერმა ვლადიმერ პუტინთან დამასმინა“, – წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

როცა 2008 წელს რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა, მიხეილ სააკაშვილი მუდამ ლაპარაკობდა რუსეთის აგრესიულობასა და იმ საფრთხეზე, რასაც პუტინის რუსეთი  წარმოადგენდა, მაგრამ მის განცხადებებს სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია“, – აღნიშნულია სტატიაში. „როცა დასავლეთს პუტინზე ვაფრთხილებდი, მე ყურადღებას არ მაქცევდნენ და გაუწონასწორებელ, გაბოროტებულ გიჟად მთვლიდნენ“, – წერს ყოფილი პრეზიდენტი.

როგორც „თაიმსის“ ჟურნალისტი მარკ ბენეტი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი ერთადერთი არ არის, ვინც დასავლეთს ბრალს სდებს იმაში, რომ საქართველოსთან ომის შემდეგ ევროპელმა და ამერიკელმა ლიდერებმა კრემლის ექსპანსიონისტური კურსი თითქოსდა ვერ შენიშნეს და ცდილობდნენ ძველი ურთიერთობა გაეგრძელებინათ ნავთობითა და გაზით მდიდარ რუსეთთან.

კიდევ რას წერს ექს-პრეზიდენტი?

გარდა ამისა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა „თაიმსისთვის“ გაგზავნილ წერილში საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების მცდელობაში დაადანაშაულა. ყოფილი პრეზიდენტის მტკიცებით, გავლენიან ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ დამაარსებელს, რომელსაც საქართველოს მთავრობაზე დიდი გავლენა აქვს, „ვლადიმერ პუტინის ვალი მართებს“. თუმცა, ჟურნალისტი მარკ ბენეტი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ამის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას არ ასახელებს.

„თაიმსის“ პუბლიკაციაში ასევე გადმოცემულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შიმშილობდა და რომელიც აცხადებს, რომ იგი რუსეთის აგენტებმა მოწამლეს

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ამბობს, რომ მისი შვილს სიარული უჭირს, ჭამის შემდეგ გულისრევა აქვს და გონებას ხშირად კარგავს. „ამჟამად მისი სიცოცხლე უკრაინის სიტუაციაზეა დამოკიდებული“, – ამბობს ექს-პრეზიდენტის დედა.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ამჟამად მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ 60 კილოგრამს იწონის, რაც ორჯერ ნაკლებია მის ნორმალურ წონაზე, სანამ დააკავებდნენ. „აშკარაა, რომ ჩემი საქმე უფრო მასშტაბური ჰიბრიდული ომის ნაწილია“, – აცხადებს „თაიმსისთვის“ გაგზავნილ წერილში ექს-პრეზიდენტი.

შენიშვნა: ახლახან აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა (წყარო)

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ცნობილი ხდება ის აქტივობები, რომელიც ლობისტურმა კომპანია „აკერმანმა“ განახორციელა, მათ შორისაა მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატიების მომზადება. როგორც ჩანს, ზემოთაღნიშნული სტატიაც ამ აქტივობებს ასახავს.