ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200 კმ-მდე საფეხმავლო ბილიკი მონიშნა

59
spot_img

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით, იმერეთში, სამეგრელოსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჯამურად 185 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკები მონიშნა, განაახლა და ინფრასტრუქტურა მოაწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წელსვე ადმინისტრაციამ პროექტები მოამზადა თუშეთის, თრუსოს დაცული ლანდშაფტების, გუდაური-ხადას ხეობის, კარკუჩა-გუდამაყრის ხეობის, სიონი-საბუესა და ბოჭორმის ციხის ბილიკების მოსაწყობად.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მონიშნული ბილიკები მოგზაურებს საშუალებას აძლევს გზის აუცდენლად დალაშქრონ მარტივი და საშუალო სირთულის სხვადასხვა მარშრუტები და მოინახულონ მთები, ტბები, ხეობები, ჩანჩქერები და ისტორიული ძეგლები.

2023 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პროექტ „ღვინის გზაში“ 28 ახალი ღვინის მასპინძელი ობიექტის ჩართვა უზრუნველყო. მარნებისთვის დამზადდა მანიშნებლები კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და აჭარაში. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ „ღვინის გზის“ პროექტში ჩართვის მსურველი ღვინის მასპინძელი ობიექტების ინსპექტირება ჩაატარა. მიმდინარეობს რეკომენდებული ობიექტებისათვის პროექტის მომზადება, მანიშნებლების მონტაჟი 2024 წელს დასრულდება.