ევროკავშირის ლიდერები მზად არიან უპასუხონ ირანის ქმედებებს ახალი და მნიშვნელოვანი ზომებით იმ ცნობების ფონზე, რომ თეირანი რუსეთს, შესაძლოა, უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემდეს.
Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მომავალი კვირის სამიტის დასკვნების პროექტშია აღნიშნული.
„ევროპული საბჭო მოუწოდებს მესამე მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომისთვის მატერიალური მხარდაჭერა. ცნობები იმის შესახებ, რომ ირანი, შესაძლოა, რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად ბალისტიკურ რაკეტებსა და მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიას გადასცემდეს, ძალიან შემაშფოთებელია. ევროკავშირი მზადაა, უპასუხოს სწრაფად და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებულად, მათ შორის, ირანის წინააღმდეგ ახალი და მნიშვნელოვანი ზომების გატარებით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
დასკვნებში ასევე ნათქვამია, რომ ლიდერები მოუწოდებენ უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს და ევროკომისიას, მოამზადონ დამატებითი სანქციები ბელარუსის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის წინააღმდეგ.