ეკლესიის ეზოში როდესაც ავედით, კარი გავხსენით. რომ გამოვდიოდით, მხოლოდ ერთი რუსი ჯარისკაცი მოვიდა. პირველი გამაფრთხილებელი გასროლა გაისროლა. მე დავუძახე – არ გინდა სროლა, მოვრიგდეთთქო. ნუ, ჩვეულებრივად დაწყნარდა – როგორც კი დავძარით მანქანა, გამოვიარეთ, შეიძლება, სამი მეტრი და მაშინვე საბურავებში სროლა დაიწყო ,- ამის შესახებ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალში უკანონოდ დაკავებულმა, ლევან დოთიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მას შეურაცხყოფას არ აყენებდნენ.
„ეკლესიის ეზოში როდესაც ავედით, კარი გავხსენით. რომ გამოვდიოდით, მხოლოდ ერთი რუსი ჯარისკაცი მოვიდა. პირველი გამაფრთხილებელი გასროლა გაისროლა. მე დავუძახე – არ გინდა სროლა, მოვრიგდეთთქო. ნუ, ჩვეულებრივად დაწყნარდა ეს რუსი ჯარისკაცი. ვილაპარაკეთ. კამერა მაქვს ჩართულიო, ამოიღო. შეიძლება გამორთული ჰქონდა ან ჩართულიც იყო, არ ვიცი. ამ დროს, თამაზმაც დაუწყო საუბარი. ჩვეულებრივად, არანაირი აღელვება, არანაირი კონფლიქტი, დაწყნარებული საუბარი იყო. შევეკითხე კიდეც წელი, ისიც, ესეც და ამის შემდეგ, თამაზმა მითხრა, დაჯექი მანქანაშიო. მე დავჯექი მანქანაში და თამაზი და ეს მესაზღვრე საუბრობენ. თამაზი ჩვეულებრივად მანქანისკენ გამოვიდა, დაჯდა. მანქანაში ჩაჯდა თუ არა, როგორც კი დავძარით მანქანა, გამოვიარეთ სამი მეტრი, შეიძლება, და მაშინვე საბურავებში სროლა დაიწყო. გავიარეთ 15-20 მეტრი და თამაზმა თქვა, დამჭრაო. მანქანა გაჩერდა, ავტომატურად გადმოვხტი, თამაზი მანქანიდან გადმოვიყვანე. თვითონ რუსი ჯარისკაციც მომეხმარა გასწორებაში. თამაზის პირადი ტელეფონი ავიღე, სასწრაფოში დავრეკე. ვუთხარი, ამ ადგილზე ვარ, დროულად მოდით. შემდეგ პოლიციამ დარეკა. ანალოგიური, ადგილი ვუთხარი სად ვარ, როგორ ვარ. შემდეგ, 7 რუსი ჯარისკაცი მოვიდა. ამ დროს, ერთ-ერთმა მე დამარტყა, დაუნდობლად. მიწაზე დამაწვინა და თამაზს ე.წ. „ლეიკოების“ დაკვრა დაუწყეს. ამ პროცესში ბორკილები დამადეს და ტყის მიმართულებით წამიყვანეს. მე თამაზი აღარ მინახავს.
ცხინვალის ციხეში ყოველდღე გავყავდი, ოღონდ ვერ ვიტყვი იმას, რომ შეურაცხყოფას მაყენებდნენ ცხინვალის ციხეში და ზეწოლა იყო – ჩვეულებრივად, რა მოხდა. რასაც თქვენ გეუბნებით, ანალოგიური ვთქვი იქ“,- განაცხადა ლევან დოთიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, თამაზ გინტური, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა, უკანონოდ დაკავების მცდელობისას, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მასთან ერთად მყოფი, მისი თანასოფლელი, ლევან დოთიაშვილი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს, თუმცა გუშინ ქართულ მხარეს გადმოსცეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კირბალში უკანონოდ დაკავებულ ლევან დოთიაშვილს სახის არეში დაზიანება აღენიშნება.
ირაკლი ანთაძის განცხადებით, ლევან დოთიაშვილმა განმარტა, რომ მას დაზიანებები უკანონო დაკავების დროს მიაყენეს, ხოლო უშუალოდ ცხინვალის ტერიტორიაზე არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.
შსს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.