,,ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის ინიციატივაზე უკრაინის ხელისუფლების რეაქცია მათი გამოცდაა მშვიდობისთვის მზადყოფნაზე”- დიმიტრი პესკოვი

9
spot_img

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზებაზე უკრაინის რეაქციას კრემლში ორაზროვანს უწოდებენ და კიევს სიცხადისკენ მოუწოდებენ. შესაბამისი განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესსმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინის სამდღიანი შეთავაზება იყო ტესტი იმის შესაფასებლად, რამდენად არის მზად კიევი ომის დასრულებისთვის მშვიდობიანი მოგვარების მოსაძებნად.

„უკრაინის ხელისუფლების რეაქცია რუსეთის ინიციატივაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, უკრაინის გამოცდაა მშვიდობისთვის მზადყოფნაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ დაველოდებით არა ორაზროვან, არამედ საბოლოო განცხადებებს, რაც მთავარია, ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს კონფლიქტის დეესკალაციას დღესასწაულებზე“, – განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, პესკოვმა უკრაინის ხელისუფლება „ნეონაციზმის“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. აღნიშნული განცხადების საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი აღნიშნა: „ჩვენთვის ფასეულია ადამიანის სიცოცხლე და არა – აღლუმები. სწორედ ამიტომ მსოფლიო ფიქრობს, რომ არ არსებობს მიზეზი 8 მაისამდე ლოდინისთვის. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა, სულ მცირე, 30 დღით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი გარანტირებულობა და სანდოობა“.