ცესკოს თავმჯდომარე შაორის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

9
spot_img

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი შაორის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა.

გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებთან არჩევნების მნიშვნელობაზე და საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის, მათი ინფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა. ცესკოს თავმჯდომარემ მათ ასევე მიაწოდა ინფორმაცია 4 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით და დეტალურად ისაუბრა იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ჩასატარებლად ახორციელებს.

გიორგი კალანდარიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დეზინფორმაციის საკითხს დაუთმო და ის საარჩევნო პროცესის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა, ამასთან მან ახალგაზრდებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაც გააცნო.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია. ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე.

„საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ახალგაზრდებთან თანამშრომლობა და ურთიერთობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ჩავერთოთ ახალ საბანაკე სეზონში და შევხვდეთ ასობით ახალგაზრდას, ხელი შევუწყოთ მათი ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ვისაუბროთ და ვიმსჯელოთ ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიც არის, მაგალითად, დეზინფორმაცია საარჩევნო პროცესებში, პროგრესი რაც ტექნოლოგიურმა ინტერვენციამ უზრუნველყო და, რა თქმა უნდა, ასეთი ჯანსაღი დისკუსიების ფონზე წავახალისოთ მათი აქტიური ჩართულობა“,-აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

ახალგაზრდებთან შეხვედრა საარჩევნო ადმინისტრაციისა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა.