
დღემდე არსებული ინფორმაციით და არანაირი უფლება არა გვაქვს, რომ ამ ინფორმაციის სიმართლეში რაიმე ფორმით ეჭვი შევიტანოთ, წერილი ნაპოვნია იქ, სადაც თორნიკე რიჟვაძე უგონოდ იპოვეს – დღემდე ამ წერილის და თორნიკე რიჟვაძის კავშირი არის დადასტურებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
კითხვაზე, ვინ აბრალებდა რიჟვაძეს კორუფციასა და ბარიგების მფარველობას, რაზეც აღნიშნულ წერილშია საუბარი, მათიკაშვილმა განაცხადა, რომ “როგორ ინსინუაციებსაც არ უნდა ეცადონ ცალკეული ტელევიზიები და აქ კითხვების სახით გააჟღერონ, ეს საბოლოო ჯამში, გამოძიების საგანია და კითხვებს გამოძიება გასცემს პასუხს“.
„ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა და ამ ადამიანს, პირველ რიგში, გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. გარდა იმისა, რაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, რა წერილიც მან დატოვა და რაც იქ წერია, ამაზე მეტი გამორჩეული ინფორმაცია არც მე მაქვს და დამერწმუნეთ, არც არის ეს საზოგადოებაში რაღაც განხილვის თემა.
ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, რაც ყველამ განვიცადეთ. მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერს გამოძიება დაადასტურებს.
წერილის ავთენტურობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა ტარდება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შემთხვევა 6 ივლისს საგარეჯოში მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ ალექსი ახვლედიანის იარაღი მალულად აიღო, სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელში გადაიტანა და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით გულმკერდის არეში ისროლა.