“წარმოუდგენელია, რომ პრემიერს პენსიონერმა მშობელმა 34 ათას ევროდ ჩარტერი უქირავა და მიუნხენში დასვა” – ხატია დეკანოიძე

293
spot_img

წარმოუდგენელია, რომ პრემიერ-მინისტრს პენსიონერმა მშობელმა 34 ათას ევროდ ჩარტერი უქირავა და მიუნხენში დასვა – ეს არის უკანონობა, კორუფცია და ინფორმაციის დამალვა! – ასე ეხმაურება პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ანზორ ჩუბინიძის განცხადებას, რომლის თანახმად, მიუნხენში ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისით გამგზავრებისთვის 34 ათასი ევროს ეკვივალენტი ლარში პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, არსებული ინფორმაციით, პრემიერს პენსიონერი მშობლები ჰყავს, რომელთაც საკუთარი ბიზნესი არა აქვთ და გამორიცხულია, მიუნხენში ჩარტერული რეისი მათ საკუთარი შემოსავლით ან დანაზოგით დაეფინანსებინათ.

მისივე თქმით, სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალდებულებისა და წესიერების ვალდებულება მაღალი თანამდებობის პირთა მშობლებსაც გააჩნიათ.

„ეს არის წარმოუდგენლად უტიფარი ტყუილი – ანზორ ჩუბინიძე, ირაკლი ღარიბაშვილი და მთელი ხელისუფლება უტიფარ ტყუილს გვეუბნება, რომ თითქოს ამხელა თანხა პრემიერ მინისტრის პენსიონერმა მამამ გადაიხადა. რა თქმა უნდა, რეალური ინფორმაცია დაფარულია და ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. სინამდვილეში თანხა ან ბიუჯეტიდან არის გადახდილი ან ღარიბაშვილს აქვს უკანონო, კორუფციული გარიგებებით მიღებული შემოსავლები. არ არსებობს, საჯარო სამსახურში მომუშავე ადამიანი, ვინც საკუთარი ხელფასით ისეთი დანაზოგი ექნება, რომელიც 40 ათასი ევროს ეკვივალენტია და ამ დანაზოგით ჩარტერს იქირავებს. ინფორმაცია, რაც მოვისმინეთ წარმოუდგენელია – ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ნორმალურ ქვეყნებში ასეთ საქმეებზე გამოძიება იწყება და პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა დგება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.