წარმოუდგენელია, რომ ასეთი ქმედება შეიძლება ჩვენს ქვეყანაში მოხდეს – მადლობა სამართალდამცველებს სწრაფი რეაგირებისთვის – დონალდ ტრამპი

17
spot_img

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განცხადება გაავრცელა მის მიერ დაარსებულ პლატფორმაზე – Truth Social-ზე, სადაც სამართალდამცავებსა და საიდუმლო სამსახურს სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

„რაც მთავარია, მინდა მივუსამძიმრო მოკლულის ოჯახს და ასევე, მძიმედ დაშავებულის ოჯახს. წარმოუდგენელია, რომ ასეთი ქმედება შეიძლება ჩვენს ქვეყანაში მოხდეს. მე მესროლეს ტყვია, რომელმაც მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გამიხვრიტა. როცა ზუზუნის და სროლის ხმა გავიგონე, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, რომ და მაშინვე ვიგრძენი ტყვია კანში. დიდი სისხლდენა იყო, ამიტომ მივხვდი, რა ხდებოდა. ღმერთმა დალოცოს ამერიკა!”, – წერს ტრამპი.

დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი – მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. დონალდ ტრამპმა საავადმყოფო შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მალევე დატოვა.