წინა პრაქტიკიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მოლოდინი, რომ ხელისუფლება რაიმე სახით დააკმაყოფილებს ჩვენს წინადადებებს, არ არის, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში, ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის თაობაზე განაცხადა, რომელიც მან დასრულებამდე დატოვა.
მისივე თქმით, “ვეტინგის” სისტემა, რომელსაც ოპოზიცია ხელისუფლებას სასამართლო რეფირმის გასატარებლად სთავაზობს, საქართველოს მსგავსი პრობლემების მქონე ქვეყნისთვის ზუსტად შესაბამისია.
როგორც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, იმ შემთხვევაშიც თუ ხელისუფლება ოპოზიციის წინადადებებს არ გაითვალისწინებს, “ნაციონალური მოძრაობის” მიზანია, საზოგადოებას დაანახოს, რომ მისი წევრები ყველა პროცესში მონაწილეობენ.
“დღევანდელ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფმა მოისმინა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის ხედვა, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. არსებობენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებასაც რადიკალურად განსხვავებული ხედვა აქვთ, მაგრამ ჩვენი მიზანია, ყველა სუბიექტს მოვუსმინოთ.
“ქართულ ოცნებას” აქვს პასუხისმგებლობა, რომ იმ სისტემაში, სადაც სანქცირებული მოსამართლეები არსებობენ, ქმედითი ნაბიჯები გადადგას. ეს იმისთვის, რომ საზოგადოებამ იგრძნოს, მთავრობას მართლა სურს სასამართლოს რეფორმა.
ჩვენ წარდგენილი გვაქვს “ვეტინგის” სისტემის საფუძველზე მოსამართლეების ხელახლა დანიშვნის საკითხი, რომელიც ჩვენი ტიპის პრობლემების მქონე ქვეყანას ზუსტად შეესაბამება.
წინა პრაქტიკიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მოლოდინი, რომ ხელისუფლება რაიმე სახით დააკმაყოფილებს ჩვენს წინადადებებს, არ არის, თუმცა გვინდა, საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ყველა პროცესში ვმონაწილეობთ და საკუთარ აზრს ვაფიქსირებთ”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.