იქ იყო უამრავი ადამიანი, რომელიც ახმოვანებდა პატრიოტულ მესიჯებს და საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებულ შეფასებაში მეტწილად ვეთანხმებოდი, იქიდან გამომდინარე, რომ ვინც უზრუნველყო მისი საქართველოს პრეზიდენტად არჩევა, ამ ადამიანების და პრეზიდენტის პოზიციები რადიკალურად ასცდა ერთმანეთს, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე გუშინდელ აქციაზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი გაჟღერებულ განცხადებებს.
მდინარაძემ ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას – იზიარებს თუ არა ამავე აქციის მონაწილეების განცხადებების შინაარსს, რომ საქართველომ ნეიტრალიტეტი უნდა აირჩიოს.
„ნეიტრალიტეტს არ ვეთანხმები, იმიტომ, რომ საქართველოს აქვს არჩეული კურსი, რომელიც კონსტიტუციაში ჩვენ ჩავწერეთ. მეღიმება ხოლმე, ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი აქეთ რომ გვამუნათებს – „საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპა…“ – ჩვენ ჩავწერეთ ეს კონსტიტუციაში. შეიძლება ეს მოსაზრება იყოს და ნებისმიერ ადამიანს თავისი აზრი აქვს, მაგრამ საქართველოს თავისი კურსი აქვს.
ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალია იფიქროს ეროვნულ ინტერესებზე და ამ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობაზე. როგორც ჩვენი ოპონენტები წამოცდენებში აიხლართებიან ხოლმე, ცალ ფეხზე დგომით კი არა, არამედ ორ ფეხზე, მყარად უნდა ვიაროთ ევროპულ გზაზე. ადრე თუ გვიან შედეგი დადგება, ეს ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, დაუბრუნდება თავის ბუნებრივ ადგილს და ღირსებას, ეროვნულ იდენტობას და ეროვნულ თავმოყვარეობას შევინარჩუნებთ. ეს არის ერთ-ერთი უპირატესი მიზანი “, – აცხადებს მდინარაძე.