“ტრამპმა პუტინს მორიგი გამარჯვება მოუტანა”-The Atlantic

12
spot_img

„წლების განმავლობაში დონალდ ტრამპი ტრაბახობდა, რომ მას წარმატებით შეუძლია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება – ყველას ახსოვს მისი ქადილი: „მე ამას 24 საათში შევძლებ“. თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ მან მრჩევლებს დაავალა უმაღლეს დონეზე მოემზადებინათ შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან იმ იმედით, რომ იგი საჯაროდ, ტელევიზიით, პირდაპირ ეთერში ოფიციალურად გამოაცხადებდა ცეცხლის შეწყვეტას“, – ნათქვამია აშშ-ის ერთ-ერთი უძველეს ჟურნალ  The Atlantic-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ტრამპმა პუტინს მორიგი გამარჯვება მოუტანა“ (ავტორი – ჯონათან ლემირი).

პუბლიკაციაში განხილულია რუსეთ-უკრაინის ომის სავარაუდო შეწყვეტასთან დაკავშირებული მოვლენები. კერძოდ, გაანალიზებულია სიტუაცია დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ინაუგურაციიდან სამიოდე თვის გასვლის შემდეგ პრეზიდენტის გეგმები შეიცვალა: სარწმუნო პირების თქმით, დონალდ ტრამპს უკრაინის გარეშე სურს ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის განმტკიცება და აპირებს თავის რუს კოლეგასთან შეხვედრის მომზადების საკითხს ისევ დაუბრუნდეს, მაგრამ ამჯერად მათი სამიტის დროს უკრაინის თემატიკა – ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის დამყარების პერსპექტივა განხილული არ იქნება.

შთაბეჭდილება ისეთია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის რამდენიმეთვიანი სამშვიდობო მცდელობა – მიაღწიოს ზავს მოსკოვსა და კიევს შორის –  უშედეგო აღმოჩნდა. დონალდ ტრამპმა  თავისი სტრატეგიის ცვლილებაზე ნათლად მიანიშნა მას შემდეგ, როცა ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრები დაასრულა და განაცხადა, რომ აღარ სურს პირადად შუამავლის როლის შესრულება საზავო შეთანხმების მისაღწევად.

რუსეთმა გაიმარჯვა: კრემლმა თავიდან აიცილა (დროებით მაინც) არასასურველი სანქციები თეთრი სახლისგან ისე, რომ უკრაინასთან ომს არ შეწყვეტს და გააგრძელებს. ვლადიმერ პუტინისათვის ფრიად სასიამოვნოა დონალდ ტრამპის სიტყვები: „იმედი მაქვს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდება. და თუ არ მოხდება, მე, უბრალოდ, უკან დავიხევ და მათ ომის გაგრძელება მოუწევთ. ბოლოსდაბოლოს, ეს ევროპული სიტუაციაა და ევროპულ სიტუაციად დარჩება“.

ალბათ, ასეთი შედეგი გარდაუვალი იყო. დონალდ ტრამპი დიდი ხნის განმავლობაში ვლადიმერ პუტინს პატივისცემით ექცეოდა, სკეპტიკურად უყურებდა ევროპას და დარწმუნებული იყო, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში პრიორიტეტული ყურადღება უნდა დასთმობოდა ბიზნესის და ვაჭრობის განვითარებას. იგი ხშირად ადასტურებდა და იმოწმებდა რუსულ ვერსიას ომთან დაკავშირებით, რომ კონფლიქტის პროვოცირება უკრაინამ მოახდინა და ამიტომ დათმობებს უმეტესად კიევისაგან მოითხოვდა, მოსკოვს კი ნაკლებ პრეტენზიებს უყენებდა. დონალდ ტრამპის დამოკიდებულება თავისი რუსი კოლეგის მიმართ უფრო ლოიალური და მომთმენი იყო, ვიდრე უკრაინის პრეზიდენტისადმი. იგი იშვიათად ავლენდა თავის უკმაყოფილებას კრემლის მიმართ: ერთადერთი მეტ-ნაკლებად სერიოზული ანტიპუტინური განცხადება ტრამპმა რომის პაპის ფრანცისკას დაკრძალვის დროს გააკეთა, როცა იგი რუსეთს სანქციებით დაემუქრა, ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტაზე კრემლის უარის გამო, თუმცა მის ნათქვამს გაგრძელება არ მოჰყოლია – სანქციები დღემდე არ არის შემოღებული.

ვლადიმერ პუტინისათვის მომგებიანია დონალდ ტრამპის სტრატეგიის შეცვლა ომის მიმართ. რუსეთის ლიდერმა მიიღო ის, რაც სურდა – მოლაპარაკების უსასრულოდ გაჭიანურება. ცხადია, რომ რუსეთის არმია დარტყმებს გააგრძელებს და სულ უფრო მეტ ტერიტორიებს დაიპყრობს, რითაც კრემლი მდგომარეობა განიმტკიცებს სამომავლო მოლაპარაკებისათვის. ადრე თუ გვიან, საზავო შეხვედრა მაინც გაიმართება – ასე რომ, ვლადიმერ პუტინის გამბიტი მომგებიანია. რა თქმა უნდა, აშშ-ის პრეზიდენტისათვის სასიამოვნო ნამდვილად არ არის იმის აღიარება, რომ მისი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა.

ევროპას ძალიან გაუჭირდება უკრაინისადმი სრულყოფილი დახმარების გაწევა და უსაფრთხოების გარანტიით უზრუნველყოფა ამერიკის გარეშე. დიდი სურვილის მიუხედავად, ევროპა ამერიკას ვერ ჩაანაცვლებს და ვერც ევროპული  არმიები ვერ შეედრებიან ამერიკის არმიას. და თუ აშშ თავის ჯარებს ევროპიდან გაიყვანს, ამით რუსეთი კვლავ მოგებული დარჩება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: