ტრამპმა გააცნობიერა, რომ პუტინთან ერთად არ უნდა დადგეს: თუ ომი კრემლის პირობებით დასრულდება, ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიას არავინ მისცემს – The Daily Telegraph

14
spot_img

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „ტრამპმა გააცნობიერა, რომ პუტინთან ერთად არ უნდა დადგეს: თუ ომი კრემლის პირობებით დასრულდება, ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიას არავინ მისცემს“. მასში განხილულია და კომენტირებულია აშშ-ის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი არცთუსასიამოვნო განცხადებები ვლადიმერ პუტინის მიმართ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ნუთუ რუსული დრონების მასირებულმა შეტევამ დონალდ ტრამპს თვალი აუხილა ვლადიმერ პუტინის ჭეშმარიტ ზრახვებზე? ამერიკელმა თავისი რუსი კოლეგის მოქმედება „ჭკუიდან შეშლად“ შეაფასა. თუმცა…

პუტინი დიახაც ანგარიშიან და სასტიკ ავტოკრატ პიროვნებას წარმოადგენს, მაგრამ ჭკუიდან შეშლილი ნამდვილად არ არის. მან იცის, რასაც აკეთებს და კარგად სარგებლობს ამერიკელი ლიდერის მდგომარეობით, რომელსაც არჩევნების დროინდელი დაპირების შესრულება უნდა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების თაობაზე. ვლადიმერ პუტინს სურს საკუთარი ჯარის მონაპოვრის შენარჩუნება სამშვიდობო ხელშეკრულების დადების გზით. დონალდ ტრამპს კი უკვირს, რომ რატომ არ თანხმდება კრემლი თეთრი სახლის მიერ მიწოდებულ თაფლაკვერს.

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს ფაქტიურად ცივილიზებული ქვეყნების თანამეგობრობაში დაბრუნება, სანქციების გაუქმება და სავაჭრო კავშირების აღდგენა შესთავაზა. დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ ეს რუსეთისათვის მომგებიანი გარიგებაა და მისთვის ძნელად წარმოსადგენია, თუ რატომ უარყოფს პუტინი ამერიკელი ლიდერის კეთილ ჟესტს და არ სურს დათანხმდეს. „პუტინთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა და ახლა ვერ გავიგე, რა მოუვიდაო“, – ამბობს გაოცებული მისტერ ტრამპი.

იმიტომ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთს და უკრაინას რატომღაც ერთნაირად უყურებს და ფიქრობს, რომ ორივე თანაბრად არიან დამნაშავე ომის საკითხში. იგი უკრაინის ლიდერს ვოლოდიმირ ზელენსკისაც მკვეთრად აკრიტიკებს, რომელიც თავისი ლაპარაკით მშვიდობის მიღწევას ხელს უშლის და „საკუთარ ქვეყნისთვის სარგებლობა არ მოაქვს“. მისტერ ტრამპი, როცა ვოლოდიმირ ზელენსკის აკრიტიკებს, ყურადღებას არ აქცევს და მხედველობაში არ იღებს იმ ფაქტს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, კრემლისაგან განსხვავებით, დაეთანხმა ვაშინგტონის მოწოდებას ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტაზე.

ობიექტურობის პრინციპი რომ დავიცვათ, ისიც უნდა ითქვას, რომ დონალდ ტრამპის საკმაოდ უხეშ გამოხტომაზე – „პუტინი ჭკუიდან შეიშალაო“, კრემლმა არატრადიციული და მისთვის უჩვეულო თავშეკავებული კომენტარი გააკეთა – ალბათ, იმიტომ, რომ ვლადიმერ პუტინს არ სურს  ამერიკელ კოლეგასთან დაპირისპირება. კრემლის წარმომადგენელმა ამერიკას მადლობა გადაუხადა მშვიდობის მიღწევის მცდელობა-ძალისხმევისთვის და დონალდ ტრამპის მრისხანება „ემოციური გადატვირთვით“ ახსნა.

თუმცა მთავარი მაინც სხვაა: დონალდ ტრამპს დღემდე ვერ გაუცნობიერება ის, რომ რუსი ლიდერი მას სულელად თვლის – რამდენიც გინდა იმდენი ილაპარაკე, მე ჩემი ინტერესები მაქვს და იმათ არ გადავუხვევო. ანუ რუსეთი თანახმაა მხოლოდ იმ პირობებზე, რომელიც მას აწყობს და რომლებიც მისთვის მომგებიანია.

შეიძლება ითქვას, რომ ომის ასე დამთავრების შემთხვევაში დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიას ნამდვილად არ მიანიჭებენ.

ამასობაში კი ვაშინგტონში „ორპარტიული უმრავლესობა“ 81 ხმით სენატში მხარს უჭერს კანონპროექტს, რომელიც გზას უხსნის დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ ახალი დრაკონული სანქციები დააწესოს, თუ კრემლი თეთრი სახლის თაფლაკვერზე უარის თქმას გააგრძელებს.

სენატის გადაწყვეტილებით, თეთრ სახლს შეუძლია 500%-იანი ტარიფები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას აგრძელებენ – იაფი ნავთობის შესყიდვით და იარაღის მიწოდების სახით. იმდენად, რამდენადაც ასეთი ქვეყნების რიცხვში ინდოეთიც და ჩინეთიხ შედიან, ამგვარი ტარიფების შემოღება მსოფლიო ვაჭრობაზე უდიდეს გავლენას მოახდენს.

სენატორებმა, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, განაცხადეს, რომ მათთვის ვლადიმერ პუტინის თამაში სულ უფრო აშკარა ხდება. მთავარი კითხვა მაინც პასუხგაუცემელი რჩება: მიხვდა თუ არა ამას საბოლოოდ ტრამპი?

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ