“ტრამპის შეტევა ამერიკის სიდიადეზე: პრეზიდენტი აშშ-ის დიდებას კი არ უბრუნებს, არამედ ანადგურებს”- Financial Times

9
spot_img

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “ტრამპის შეტევა ამერიკის სიდიადეზე: პრეზიდენტი აშშ-ის დიდებას კი არ უბრუნებს, არამედ ანადგურებს” (ავტორი – მარტინ ვოლფი).

გთვაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ზოგჯერ აუცილებელია სიტუაცია მთლიანობაში იქნას აღქმული. გაისად, 2026 წლის 4 ივლისს, შეერთებული შტატები თავისი დამოუკიდებლობის 250-წლოვან იუბილეს აღნიშნავს. ყურადღება მივაქციოთ და გავიხსენოთ, რა არის უშუალოდ და კონკრეტულად ჩაწერილი 1776 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში: „ჩვენ ვთვლით, რომ ყველა ადამიანი ჭეშმარიტად თანასწორია დაბადებიდანვე და რომ შემოქმედმა ყოველ ადამიანს განსაზღვრული განუყოფელი უფლებები მიანიჭა, რომლებსაც მიეკუთვნება სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისაკენ ლტოლვა“. ეს იდეები არ იქნა მთლიანად რეალიზებული. სამოქალაქო ომი და ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლა იმ დროისათვის ჯერ კიდევ წინ იყო. და მაინც ამერიკის შეერთებული შტატების როგორც ახალი სახელმწიფოს დაბადება მსოფლიოში ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი გახდა.

ამერიკას ჰქონდა იმის პოტენციალი, რომ ნამდვილად უძლიერეს რესპუბლიკად გადაქცეულიყო მსოფლიოს ისტორიაში რომის რესპუბლიკის შემდეგ (ჩვენს წელთაღრიცხვამდე 31 წელს აქციუმის კუნძულებთან ანტონიუსის და კლეოპატრას ფლოტსა და ოქტავიანეს ფლოტს შორის საზღვაო ბრძოლა მოხდა, რომელშიც ოქტავიანემ გაიმარჯვა. ამ ბრძოლის შედეგად სამოქალაქო ომი დასრულდა და რომის რესპუბლიკა იმპერიად გარდაიქმნა).

ამერიკის დახმარების გარეშე გერმანიის ფაშიზმი ან რუსული კომუნიზმი, ალბათ, მთელ მსოფლიოში გაბატონდებოდა. თუ არ იქნებოდა აშშ-ის ძალისხმევა და მაგალითი, კაპიტალიზმი ალბათ, მთელ მსოფლიოში არ გავრცელდებოდა. აშშ-ის გარეშე მსოფლიო უფრო მეტად ღარიბი და დესპოტური იქნებოდა, ვიდრე დღეს არის.

მე ადრეც ვწერდი, 2016 წელს, რომ აშშ-ის პოლიტიკურ არენაზე დონალდ ტრამპის გამოსვლით ამერიკის მიღწევები სასწორზე დაიდო, მათ საფრთხე დაემუქრათ. დღეს საფრთხე უფრო მეტია. დონალდ ტრამპმა გადაიტანა ის დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგთა გაუქმების მცდელობის სახით. იგი ტრიუმფით დაბრუნდა 2024 წელს. სამწუხაროდ, დონალდ ტრამპი თავისუფლების სიმბოლოდ იქცა და ისე ჩანს, რომ მისი ადმინისტრაცია მსოფლიოს შეცვლის.

მოდით, გადავხედოთ სიტუაციას და გავიგოთ, რა ხდება ფრონტებზე.
დავიწყოთ საშინაო პოლიტიკის მდგომარეობით.

ჩვენ მოწმენი ვართ, თუ როგორ ხდება შეტევა კანონის უზენაესობაზე. ები ლოუელი, ჰანტერ ბაიდენის ყოფილი ადვოკატი გვაფრთხილებს, რომ დონალდ ტრამპი დემოკრატიას გამოცდას უწყობს. მისი ბრძანებულებები და განკარგულებები მიმართულია იურიდიული კომპანიების წინააღმდეგ, იგი თანამდებობებზე ნიშნავს ფრიად არაკომპეტენტურ და არაკვალიფიციურ ადამიანებს, რასაც საბოლოო ჯამში უარყოფით შედეგებამდე მივყავართ. ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი მისი გადაწყვეტილებებიდან არის ის, რომ პრეზიდენტმა გააფართოვა იმიგრაციული და საბაჟო ორგანოების უფლებამოსილებები. ისინი უკვე საიდუმლო პოლიციის მსგავსად მოქმედებენ.

დონალდ ტრამპმა სპეციალურად ილონ მასკისათვის შექმნა ე.წ. „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი“, რომელიც წმინდა წყლის თაღლითობა-ყალთაბანდობას წარმოადგენს. ამ სტრუქტურის მიზანი ეფექტურობის ამაღლება კი არ იყო, არამედ სახელმწიფო მოსამსახურეების დამოუკიდებლობის გაუქმება და მათი დამორჩილება. დეპარტამენტმა გაანადგურა ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამები, რომლებიც „იუესაიდის“ ჩარჩოებში იყო შემუშავებული. ასეთი ნაბიჯებით ხარჯები კი არ შემცირდება, უფრო გაიზრდება.

კიდევ ერთ ასეთ ასპექტს წარმოადგენს ის, რომ დონალდ ტრამპი ფართოდ სარგებლობს საგანგებო უფლებამოსილებებით და აღმასრულებელი ხასიათის მქონე ბრძანებულებებით. ინაუგურაციიდან რამდენიმე თვეში მან 168 ბრძანებულება გამოაქვეყნა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მისი წინამორბედების მაჩვენებლებს. შეიძლება ითქვას, რომ დონალდ ტრამპი ქვეყანას ბრძანებულებებით მართავს, რაც პრინციპში, დიქტატურის დამყარების სიმპტომებს შეიცავს, ტერმინის ტრადიციული განმარტების მიხედვით.

პრობლემას წარმოადგენს კორუფციის ლეგიტიმაციაც. შესაძლოა, ეს განპირობებულია მისი პიროვნული ქცევით და ოჯახის წევრების მოქმედებით. ამაზე მიუთითებს საზღვარგარეთ კორუფციასთან ბრძოლის შესახებ კანონის მოქმედების შეჩერება, რომელიც ამერიკელ მოქალაქეებს ავალდებულებს უცხოეთში ყოფნის დროს სამაგალითოდ მოიქცნენ.

კიდევ უფრო ფუნდამენტურ მოვლენად უნდა ჩაითვალოს დონალდ ტრამპის ბრძოლა მეცნიერებასთან და განათლებასთან, რომელსაც აშშ-ში ოდითგანვე პატივს სცემდნენ და ხელს უწყობდნენ. როგორც პროფესორი ლარი დაიმონდი წერს სტენფორდის უნივერსიტეტიდან (იგი დემოკრატიის საკითხებში წამყვანი ექსპერტია), „დონალდ ტრამპი ისე მასშტაბურად ანგრევს ამერიკულ მეცნიერებას, რომ ამის აღქმა და გაცნობიერება ძალიან ძნელია. გასაკვირი არაა, რომ ზოგიერთები დონალდ ტრამპს იმპერიული რუსეთის და კომუნისტური ჩინეთის აგენტად თვლიან“.

და ბოლოს, საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკა, რომელიც დონალდ ტრამპის თქმით, „ერთ მშვენიერ და დიდ“ კანონშია გამოხატული. ამას წინათ კონგრესის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტი იმის გარანტიას იძლევა, რომ აშშ-ის ბიუჯეტი დიდ დეფიციტიანი იქნება განუსაზღვრელი დროით. ეს არის სრულიად არასწორი და მცდარი კანონი.

ახლა გადავიდეთ აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე.

უპირველეს ყოვლისა, უცხოეთთან სავაჭრო ომი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. ტარიფებთან დაკავშირებით აღებული 90-დღიანი პაუზა დასასრულს უახლოვდება. ახალი რადიკალური ტარიფების ფონზე ახალი გარიგებები მხოლოდ რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან არის დადებული. ტრამპის მიერ დაწყებული სავაჭრო ომი წარმოადგენს იმ ინსტიტუტებზე თავდასხმას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არის შექმნილი. ის აზიანებს აშშ-ის მომხრე ალიანსებსაც უფრო ფართო თვალსაზრისით თუ ვიტყვით, აშშ-ის ყველა საერთაშორისო ვალდებულება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის მოქცეული. თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის გროტესკული დამცირებაც ამ ჩარჩოებში განხორციელდა
თითქმის ყველაფერი, რასაც კი დონალდ ტრამპი აკეთებს, აშშ-ის ძლიერებას ასუსტებს ჩინეთთან მიმართებით. განა ამერიკა თუ დასუსტდება, ის წინააღმდეგობას გაუწევს ჩინეთს, რომლის მოსახლეობა ამერიკის მოსახლეობას ოთხჯერ აღემატება? რა თქმა უნდა, ეს ფანტაზიების სფეროა.

ექვს თვეზე უფრო მცირე ხანში, ანუ თავისი პრეზიდენტობის ვადის მერვედი ნაწილის განმავლობაში დონალდ ტრამპმა მიაღწია უდიდეს წარმატებას იმ ყველაფერთან ბრძოლაში, რაც აშშ-ის წარმატებებს განაპირობებდა მრავალ ათწლეულის მანძილზე. ეს მხოლოდ MAGA-ს („დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“) მიმდევრებს ანუ დონალდ ტრამპის მომხრეებს, ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს უნდა უხაროდეთ. MAGA-ს პროგრამის ყველაზე ლოგიკური და რეალური შედეგი ის იქნება, რომ ამერიკა ავტოკრატიად გადაიქცევა. იმედი უნდა გვქონდეს, რომ დონალდ ტრამპი საბოლოოდ წარუმატებელი იქნება. ამ ეტაპზე კი საკვირველია, რომ მისი საქმეები ჯერ-ჯერობით კარგად მიდის.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: