“ტრამპის მეორედ მოსვლა და მსოფლიო”-Financial Times

4
spot_img

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 23 იანვრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „ტრამპის მეორედ მოსვლა და მსოფლიო“ (ავტორი – მარტინ ვულფი), რომელშიც გაანალიზებულია და პროგნოზირებული აშშ-ის პრეზიდენტის „სიტყვა და საქმე“ – მისი განცხადებებისა და რეალური საქმიანობის გავლენა თანამედროვე საერთაშორისო მდგომარეობაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

როგორ გავლენას მოახდენს მსოფლიოზე დონალდ ტრამპის მეორედ მოსვლა? მსოფლიოც და ტრამპიც არაპროგნოზირებულნი არიან, მათ მოქმედებაში წინასწარ ვერაფერს გათვლი. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველმა პერიოდმა აშშ-ც შეცვალა და მსოფლიოც. დიდი ალბათობით, მისი მეორე პრეზიდენტობა მსოფლიოზე კიდევ უფრო ფართო და ღრმა გავლენას მოახდენს.

„დღეიდან – თქვა დონალდ ტრამპმა ინაუგურაციაზე გამოსვლის დროს, – ამერიკის შეერთებული შტატები იქნება თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო“. ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ დონალდ ტრამპის ამგვარ გამონათქვამებს (მისი ლოზუნგიდან – „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“ – გამომდინარე), რომ გაკვირვება არავის გამოუხატავს. არადა, პრეზიდენტმა ეს თქვა პლანეტის უძლიერესი ქვეყნის მიმართ, რომელიც ბოლო საუკუნე ნახევრის განმავლობაში ინოვაციების წინა ხაზზე იდგა და რომლის ძალისხმევით ჩამოყალიბდა ისეთი მსოფლიო, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ. და რა უშლის დღეს ამერიკას იყოს თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა? ამ კითხვის პასუხი, როგორც ჩანს, იმით გამოიხატება, რომ ამერიკა საკუთარ თავს ნებაყოფლობით იზღუდავდა, თვითონ იღებდა თავისი  ძლიერების შემცირების ვალდებულებას. ამიერიდან კი, დონალდ ტრამპის აზრით, ამერიკა რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს. ამერიკას აღარ ექნება პრეტენზია მორალურ ლიდერობაზე. აშშ უბრუნდება ძველ დევიზებს – „ძალა ქმნის სიკეთეს“ და „ძლიერი ყოველთვის მართალია“.

როგორ აფასებს მსოფლიო საერთოდ დონალდ ტრამპის განცხადებებს? საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს მიერ ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშში სათაურით „მარტო ტრამპულ სამყაროში“ მოცემულია მთელ მსოფლიოში ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები, რომლებიც საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებენ. იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომლებიც ყველაზე მეტად დონალდ ტრამპის მეორედ მოსვლით არიან შეშფოთებულები, წარმოადგენენ იმ ქვეყნებს მოქალაქეებს, რომლებიც აშშ-ის ახლო მოკავშირე სახელმწიფოები არიან: ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის  მოსახლეობის  მხოლოდ 15% და სამხრეთ კორეის – მხოლოდ 11% თვლის, რომ დონალდ ტრამპის მოსვლა მათი ქვეყნებისათვის სასიკეთო იქნება. სამაგიეროდ, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას პოზიტიურად მიიჩნევს საკუთარი ქვეყნებისათვის ინდოელთა 84%, საუდის არაბეთის მოსახლეობის 61%, რუსების 49% და ჩინელთა 46%.

მოხსენების ავტორების მტკიცებით, მონაცემები მოწმობს იმას, რომ „საერთაშორისო საზოგადოებისათვის მისაღებია ისეთი მსოფლიო, რომელშიც მეტი გარიგებები შეიძლება მოხდეს“, მაგრამ აშშ-ის უახლოესი მოკავშირეებისათვის ასეთი სიტუაცია ნდობის დასასრულს ნიშნავს. მათ უკვე აღარ შეუძლიათ აშშ-ის ხელისუფლების იმედი ჰქონდეთ, რომელსაც ადრე ეყრდნობოდნენ. შეიძლება ითქვას, რომ მათ მიიღეს ის, რაც დაიმსახურეს. მაგრამ აქ საქმე ეხება არამარტო მათ უბრალო დამოკიდებულებას აშშ-ზე არამედ სხვა უფრო მნიშვნელოვანს: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპელებს მართლაც სჯეროდათ, რომ„ლიბერალური მსოფლიო წესრიგი“ დემოკრატიის გამოვლენის საუკეთესო ფორმა იყო და ახლა, როცა აშშ მასზე უარს აცხადებს, ეს ევროპისათვის იმედგაცრუებას ნიშნავს. რაც შეეხება „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებს, რადგან მათთვის „ლიბერალური მსოფლიო წესრიგი“ არასდროს არ ყოფილა სამოქმედო პრინციპი, შესაბამისად, მსოფლიო პოლიტიკის მიმართ ტრამპისეული გარიგებითი „ტრანზაქციური“ მიდგომა მათ საკმაოდ აწყობთ.

დონალდ ტრამპისეული ხედვა განსაკუთრებულ პრობლემებს ქმნის ორ მნიშვნელოვან სფეროში – ვაჭრობასთან და გლობალურ ეკოლოგიური გარემოსთან მიმართებით.

ვაჭრობაში ნამდვილად არსებობდა (და დღესაც არის) ლიბერალური წესრიგი, რომელიც საერთაშორისო ინსტიტუტებზეა დაფუძნებული და ერთგვარ სტაბილურობას უზრუნველყოფს. მაგრამ როგორ საზიანო შედეგებს გამოიწვევს ტარიფების ომი, რომელთა დაწყებით დონალდ ტრამპი იმუქრება? რასაკვირველია, ვაჭრობა ადრეც ბევრჯერ ყოფილა კრიზისულ სიტუაციაში, მაგრამ ახლა ამერიკა ემუქრება ყველას და ყველაფერს: თავის უშუალო მეზობლებს – კანადას და მექსიკას, თავის ევროპელ მოკავშირეებს და მტრებს – ჩინეთს და ა.შ. ასე რომ, სიფრთხილეა საჭირო.

მეორე მნიშვნელოვანი მომენტია გარემომცველი ბუნებისა და კლიმატის ცვლილება. რესპუბლიკელების აზრით, არავითარი ეკოლოგიურ-კლიმატური საფრთხე არ არსებობს, ეს საკუთარი თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი. დონალდ ტრამპის განცხადებით, „რაც უფრო მეტს გავბურღავთ, უფრო მეტი ნავთობი და გაზი გვექნება, ფასებიც უფრო გაიაფდება“. არადა, ფაქტები ჯიუტია: ამერიკული NACA-ს მონაცემებით, 2024 წელს გლობალურმა ტემპერატურამ 1951-1980 წლების პერიოდთან შედარებით, უკვე 1,28 გრადუსით მოიმატა, რაც ყველაზე მაღალ მაჩვენებლად ითვლება ამინდზე დაკვირვების მსოფლიო ისტორიაში. ნახშირორჟანგის (CO₂) კონცენტრაცია ატმოსფეროში სულ უფრო იზრდება. ამრიგად, ტრამპისეული „მეტს გავბურღავთ, მეტი გაზი და ნავთობი გვექნება“ ნიშნავს იმას, რომ „მეტი ნავთობი დაიწვება და უფრო მეტად გაჭუჭყიანებული ჰაერი გვექნება“. ჩვენი ჯერ კიდევ „ცისფერი პლანეტის“ (კოსმოსიდან დედამიწა ცისფრად მოჩანს) მიმართ ასეთი დამოკიდებულება ძალზე დიდ პრობლემას უქმნის მთელ მსოფლიოს.

შეუძლია თუ არა მეფე დონალდს კმაყოფილი იყოს ამერიკული ეკონომიკური რენესანსით? ეს ნაკლებსავარაუდოა. იმიტომ, რომ ჯო ბაიდენისაგან მიღებული ამერიკული ეკონომიკა, ტრამპის ნეგატიური განცხადებების მიუხედავად, შორს არის კატასტროფისაგან და ამიტომ რენესანსი ზედმეტი შეფასება იქნება. ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს აშშ-ის ეკონომიკა იზრდებოდა და გაიზრდება სამომავლოდაც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლესი პროგნოზის მიხედვით, აშშ-ის ეკონომიკური ზრდა 2025 წელს 2,7%-ს მიაღწევს, რაც ბევრი განვითარებული ქვეყნისათვის საოცნებო მაჩვენებელია. დონალდ ტრამპმა მადლობა უნდა უთხრას ჯო ბაიდენს ასეთი კარგი დანატოვარი მემკვიდრეობის გამო. (…)

დონალდ ტრამპი არაპროგნოზირებადი ადამიანია. შესაძლოა, იგი მართლაც მიაღწევს უკრაინაში მშვიდობის დამყარებას (ახლო აღმოსავლეთში ისრაელ-„ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის მსგავსად). შესაძლოა იგი თავისი სახიფათო მუქარა-დაპირებების დიდ ნაწილს ოვალურ კაბინეტში არსებულ საქაღალდეებში „შეინახავს“, თავისი სტატუსით დატკბება და [პრეზიდენტობის დასასრულს] როგორც ამერიკას, ისე მთელ მსოფლიოს კარგ მდგომარეობაში დატოვებს. მაგრამ… ბევრად უფრო დიდი ალბათობაა იმისა, რომ დონალდ ტრამპი დასავლეთს სარგებლობის ნაცვლად ზიანს მიაყენებს. ამასთან, იმედის საფუძველს გვაძლევს მისი სიტყვები, ინაუგურაციის დროს წარმოთქმული: „ჩემთვის ყველაზე მეტად საამაყო ის იქნება, რომ მშვიდობისმყოფელისა და გამაერთიანებლის სახელი მქონდეს. აი, ასეთი მემკვიდრეობის დატოვება მსურს“. ჩვენც ზუსტად ის გვინდა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ასეთი იყოს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: