პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე გარკვეული ადგილები გარკვეულ ფასადაც იყიდება და მსურველს შეუძლია, დასწრების ეს შესაძლებლობა გამოიყენოს, – განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ჩვენ სულ სხვა თემაზე გვაქვს საუბარი, იმაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს, გამომდინარე მის მიერ დაანონსებული ცვლილებებიდან გეოპოლიტიკაში, შესაძლებლობა მიეცემა, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა თვისობრივად გადაიტვირთოს. საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა იყოს განსხვავებული, ვიდრე ეს იყო წარსული პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში. აქ ეს არის მთავარი, დანარჩენი, რითიც დღეს ოპოზიცია სპეკულირებს, მეათეხარისხოვანია, რომელსაც, სპეკულაციის გარდა, სხვა რაიმე მნიშვნელობა თუ კონკრეტული მიზანი საქართველოსთვის არ აქვს. რაზე ისაუბრებენ ისინი იქ – რა თქმა უნდა, ისაუბრებენ საქართველოს საწინააღმდეგო საკითხებზე, დასანქცირება და ა.შ., რადგან საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური დღის წესრიგი არ აქვთ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. ტრამპის მიმართვას ინაუგურაციის ცერემონიაზე მისული სტუმრები კონგრესის შენობაში მოისმენენ. საინაუგურაციო აღლუმი და საზეიმო მიღებაც ასევე კაპიტოლიუმის დახურულ სივრცეში გაიმართება.