აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოსცა ახალი აღმასრულებელი განკარგულება, რომელიც ტრანსგენდერი პირებისთვის სამხედრო სამსახურს ზღუდავს.
განკარგულების თანახმად, შეიარაღებული ძალების მისიაა ამერიკელი ხალხისა და სამშობლოს დაცვა. განკარგულებაში ნათქვამია, რომ ამ მისიის შესრულება მოითხოვს მკაცრ ფოკუსირებას მეომრის სულისკვეთების განვითარებაზე.
განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ „გენდერული იდენტობის“ გამოხატვა, რომელიც განსხვავდება პირის სქესისგან, ვერ აკმაყოფილებს სამხედრო სამსახურისთვის საჭირო მკაცრ სტანდარტებს.
„მამაკაცის მტკიცება, რომ ის არის ქალი და მისი მოთხოვნა, რომ სხვებმა პატივი სცენ ამ სიცრუეს, არ შეესაბამება სამხედრო მოსამსახურისთვის მოთხოვნილ თავმდაბლობასა და თავგანწირვას“, – ნათქვამია დონალდ ტრამპის ბრძანებაში.
ამასთან, ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებაში აღნიშნულია: „ბოლო დროს შეიარაღებულ ძალებზე ზეგავლენას ახდენს რადიკალური გენდერული იდეოლოგია იმ აქტივისტების დასაკმაყოფილებლად, რომელთაც არ აინტერესებთ სამხედრო სამსახურის მოთხოვნები, როგორებიცაა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, თავგანწირვა და ერთიანობა“.
განკარგულებაში ასევე ვკითხულობთ: „პიროვნების სქესისგან განსხვავებული ყალბი „გენდერული იდენტობის“ გამოხატვა ვერ დააკმაყოფილებს სამხედრო სამსახურისთვის საჭირო მკაცრ სტანდარტებს. შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დაიცვან ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის მაღალი სტანდარტები, რათა უზრუნველყონ, რომ ჩვენს სამხედრო ძალებს შეუძლიათ განლაგება, ბრძოლა და გამარჯვება, მათ შორის მკაცრ პირობებში“.
თავდაცვის მდივანს დაევალა, 60 დღის ვადაში განაახლოს სამხედრო სამსახურის სამედიცინო სტანდარტები ამ ბრძანებულების მიზნებისა და პოლიტიკის შესაბამისად. ასევე, უნდა გამოიცეს დირექტივები „გამოგონილი და იდენტიფიკაციაზე დაფუძნებული ნაცვალსახელების“ გამოყენების დასასრულებლად.
განკარგულების თანახმად, იკრძალება შეიარაღებულ ძალებში მამრობითი სქესის პირების მიერ ქალებისთვის განკუთვნილი საძინებელის, გამოსაცვლელის თუ საშხაპე ობიექტების გამოყენება და პირიქით, გარდა განსაკუთრებული ოპერატიული აუცილებლობის შემთხვევებისა.