„ტრამპის ახალი ერა „ოქროს საუკუნის“ დაპირებით დაიწყო“ – ასეთი სათაური აქვს ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისის“ რუსული სამსახურის (BBC russian) სტატიას, რომელშიც აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაა გაანალიზებული – BBC-ის ვაშინგტონში აკრედიტებული სპეცკორესპონდენტის ენტონი ზურკერის მიერ.
გთავაზობთ პუბლიკაციას:
დონალდ ტრამპი, რომელიც თეთრ სახლში ამერიკელ ამომრჩეველთა საყოველთაო უკმაყოფილების ფონზე დაბრუნდა დემოკრატი პრეზიდენტის მმართველობის გამო, თავის საინაგურაციო გამოსვლაში მოსახლეობას დაპირდა, რომ ამერიკისათვის ახალი „ოქროს საუკუნე“ დგება.
დონალდ ტრამპის გამოსვლა გამოსვლა დაპირებებისა და წინააღმდეგობების ნარევს წარმოადგენდა. მათში მკაფიოდ ჩანდა ის ზოგიერთ საკითხი და გამოწვევა, რომლებიც ახალ პრეზიდენტს წინ დახვდება პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს.
ამერიკის ლიდერმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმიგრაციას და ეკონომიკას – იმ საკითხებს, რომლებიც, საზოგადოებრივი გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელ ამომრჩეველს გასულ წელს ყველაზე უფრო მეტად აღელვებდა. დონალდ ტრამპი ამერიკელებს ასევე დაპირდა, რომ ბოლოს მოუღებს აშშ-ის დემოკრატი მთავრობის მიერ რეკლამირებულ მრავალფეროვნების პროგრამებს და ხაზი გაუსვა, რომ ამ მიმართულებით აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა დაეფუძნება პრინციპს, რომლის თანახმად, არსებობს მხოლოდ ორი სქესი – მამაკაცი და ქალი. სხვათა შორის, განსაკუთრებით სწორედ ამ ფრაზამ გამოიწვია აღფრთოვანებული რეაქცია კაპიტოლიუმში და მეზობელ Capital One Arena-ზე შეკრებილი დონალდ ტრამპის მხარდამჭერების ხანგრძლივი აპლოდისმენტები. ეს არის იმის ნიშანი, რომ კულტურის სფეროს საკითხები, რომლებზეც რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი დემოკრატებს უპირისპირდებოდა, სწორედ იმ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს, რომელიც კიდევ დიდხანს დარჩება ელექტორატისა და ახალი პრეზიდენტის დამაკავშირებელ რგოლად.
მაგრამ სანამ იმას აღნიშნავდა, თუ რას მოუტანს ახალი ეპოქა, დონალდ ტრამპმა ამჟამინდელი ამერიკული პოლიტიკური კლიმატის საკმაოდ უღიმღამო და ბნელი სურათი დახატა. იმ დროს, როცა ინაუგურაციაზე მყოფი მისი წინამორბედები – ჯო ბაიდენი და დემოკრატიული პარტიის სხვა ლიდერ-წარმომადგენლები გაქვავებული სახეებით ისხდნენ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა „ნდობის კრიზისს“ განიცდის. მან დაგმო წინა დემოკრატი პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის (მთავრობის) მოქმედება, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, მასზე როგორც რესპუბლიკელთა კანდიდატზე, ყველანაირ ზეწოლას ახდენდნენ და დევნიდნენ – 2020 წლის არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების გამო.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეაჩერებს და უკუაგდებს „საშინელი ღალატის პოლიტიკას“ და მწავედ გააკრიტიკა აშშ-ის „რადიკალურ-კორუმპირებული ისტებლიშმენტი“, რომელიც, მისი თქმით, ამერიკელ მოქალაქეებს ხელისუფლებას ართმევდა და მათ ხარჯზე მდიდრდებოდა.
კაცმა რომ თქვას, ეს იყო ერთგვარი პოპულისტური, ანტიელიტური რიტორიკა, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში დონალდ ტრამპის გამოსვლების ძირითად ელემენტს წარმოადგენდა, თუმცა იმ დროისაგან განსხვავებით, როცა დონალდ ტრამპმა პირველად დაიწყო აღმასვლა აშშ-ის პოლიტიკური ხელისუფლების მწვერვალისაკენ 2015 წელს, ამჯერად იგი თვითონ წარმოადგენს იმ ისტებლიშმენტის ნაწილს, რომელიც უკვე ყალიბდება – იმავე დონითა და მდგომარეობით, როგორც ნებისმიერი ამერიკელი მოქალაქე. დონალდ ტრამპის უკან, შემაღლებულ ადგილზე ისხდნენ ამერიკული ბიზნესის მსოფლიოში ცნობილი გავლენიანი წარმომადგენლები – მარკ ცუკერბერგი, ჯეფრი ბეზოსი, სუნდარ პიჩაი, ილონ მასკი…
თავისი ინაუგურაციის დღეს დონალდ ტრამპმა ყურადღება მიიპყრო იმითაც, რომ მოსახლეობას უამრავ ბრძანებულებაზე ხელმოწერას დაპირდა – იმიგრაციის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, განათლებისა და კულტურის მწვავე საკითხებზე. პრეზიდენტმა ზოგიერთ მათგანზე ვრცლად ილაპარაკა: მან განაცხადა, რომ მოაგვარებს ენერგეტიკის და იმიგრაციის სფეროებში შექმნილ მძიმე სიტუაციას და გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობას, რაც შესაძლებლობას მისცემს აშშ-ის საზღვრების გასწრივ ამერიკის არმიის ქვედანაყოფები განათავსოს, მკვეთრად შეზღუდავს თავშესაფრის მთხოვნელთა უფლებებს და კვლავ დაუშვებს ფედერალურ საკუთრებაში არსებულ მიწებზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას.
პრეზიდენტმა საინაგურაციო გამოსვლაში მან განაცხადა, რომ აპირებს მექსიკის ყურეს სახელს გადაარქმევს და ამერიკის ყურეს უწოდებს (ცნობისათვის: მექსიკის ყურე – ატლანტის ოკეანის ნაწილია, რომელიც ჩრდილოეთიდან, ჩრდილო-დასავლეთითან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემოფარგლულია აშშ-ის, სამხრეთითან და სამხრეთ-დასავლეთიდან – მექსიკის და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან – კუბის სანაპირო ზოლით).
დონალდ ტრამპმა კვლავ გაიმეორა თავისი დაპირება პანამის არხის დაბრუნების თაობაზე და გააკეთა უსაფუძვლო განცხადება, რომ მსოფლიოს ამ საკვანძო საზღვაო მარშრუტს ჩინეთი აკონტროლებს და ხაზი გაუსვა – „ამერიკული გემები, სამხედრო ხომალდების ჩათვლით, არხში გავლისას ძალიან ბევრ ფულს იხდიანო. ეს, ალბათ, მინიშნებაა პანამის მთავრობასთან მიმდინარე მოლაპარაკების მთავარ მიზანზე. „აშშ ისევ იქნება მზარდი ქვეყანა“, – თქვა მან და მოქალაქეებს დაპირდა აშშ-ს სიმდიდრის მატებას და ტერიტორიის გაფართოებას.
ბოლო გამონათქვამი, ალბათ, აშშ-ის მოკავშირეების ყურადღებას მიიპყრობს, რომლებიც უკვე შეშფოთებას ამჟღავნებენ დონალდ ტრამპის ინტერესით გრენლადიის დაუფლებაზე და მისი ხუმრობით, რომ კანადა აშშ-ის 51-ე შტატი გახდებაო.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს და 20 იანვრის საინაუგურაციო გამოსვლაშიც დონალდ ტრამპი ამერიკელებს ბევრი საკითხისა და პრობლემის მოგვარებას დაპირდა. ახლა, როცა იგი პრეზიდენტად აირჩიეს, როცა ინაუგურაცია უკვე ჩატარდა და როცა მან უკვე თეთრს სახლში აშშ-ის პრეზიდენტის ადგილი იურიდიულად დაიკავა, მას თავისი დაპირებების შესრულება მოუწევს და იმის ჩვენება, თუ რას ნიშნავს „ოქროს საუკუნე“ ამერიკისათვის.