ტრამპის ადმინისტრაციამ „ალ-ნუსრას ფრონტი“, რომლის საფუძველზე შეიქმნა „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“, ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
მედიასაშუალების ცნობით, დოკუმენტი, რომელსაც სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აწერს ხელს, 23 ივნისით თარიღდება და მისი ოფიციალური გამოქვეყნება სამშაბათს იგეგმება.
„გენერალურ პროკურორსა და სახაზინო მდივანთან კონსულტაციით, აღნიშნულით ვაუქმებ „ალ-ნუსრას ფრონტის“, რომელიც ასევე ცნობილია „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ და სხვა სახელწოდებებით, უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებას“, – ნათქვამია რუბიოს განცხადებაში.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა გასულ კვირას დონალდ ტრამპის განკარგულება სირიის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების გაუქმების შესახებ.
აჰმედ ალ-შარაა 2003 წელს ერაყში ამერიკული სამხედრო ინტერვენციის შემდეგ ტერორისტული ორგანიზაციის, „ალ-ქაიდას“ რიგებში იბრძოდა. 2006 წელს ის დააპატიმრეს და 2011 წელს მტკიცებულებების ნაკლებობის გამო გაათავისუფლეს. „ალ-ნუსრას ფრონტი“, რომელიც სირიის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ დააარსა, სირიაში „ალ-ქაიდას“ შტოდ მიიჩნეოდა. 2016 წელს „ალ-ნუსრას ფრონტმა“ „ალ-ქაიდასთან“ კავშირის გაწყვეტის შესახებ გამოაცხადა. მალევე მის საფუძველზე შეიქმნა ორგანიზაცია „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“, რომელმაც გასული წლის ბოლოს ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.
ალ-შარაასა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა ერ-რიადში მაისში შედგა, რის შემდეგაც ტრამპმა განაცხადა, რომ სირიას სანქციებს მოუხსნიდა.