ტრამპი: ვფიქრობ, რუსეთთან მიმართებით ძალიან მკაცრი ვიყავი, იმაზე მკაცრი, ვიდრე ვინმე ოდესმე ყოფილა

6
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ არავინ ყოფილა რუსეთის მიმართ მასზე მკაცრი, – ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება The Independent.

„ვფიქრობ, რუსეთთან მიმართებით ძალიან მკაცრი ვიყავი. იმაზე მკაცრი, ვიდრე ვინმე ოდესმე ყოფილა რუსეთის მიმართ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის მადლირი არ არის. 

ამერიკელი ლიდერის თქმით, „ზელენსკი ჭკვიანი ბიჭია და ბაიდენს ამ ქვეყნიდან ფული წაართვა“.

„არ ვფიქრობ, რომ ის მადლიერია“, – დასძინა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსული მილსადენი Nord Stream 2 მან შეაჩერა.

„არ დაგავიწყდეთ, რომ მე ვარ ის, ვინც რუსული მილსადენი Nord Stream 2 გააჩერა, მე შევაჩერე. მე დავადე სანქციები რუსეთს, მე მივეცი ჯაველინები რუსეთის წინააღმდეგ. ძალიან ხისტი ვიყავი, მაგრამ პუტინის კარგად მესმოდა.  ამას, პირველ რიგში, პუტინი იტყოდა – ტრამპზე ხისტი არავინ ყოფილა და ბაიდენი არ ყოფილა. ბაიდენმა არაფერი გააკეთა, ის სუსტი, პათეტიკური კაცი იყო.

რუსეთის მიმართ ტრამპზე ხისტი არავინ ყოფილა, არავინ და მათ ეს იციან. უბრალოდ შეხედეთ, რაც ახლა ჩამოვთვალე. მილსადენი – მე გავაჩერე. ყველაზე დიდი საქმე, რაც მათ გააკეთეს, მილსადენი იყო: Nord Stream 2. არავინ იცოდა ამის შესახებ, სანამ მე არ მოვიდოდი – ბედნიერად აშენებდნენ, მიწოდებას აპირებდნენ გერმანიისთვის და ევროპაში ყველასთვის – და რა გავაკეთე? მე შევაჩერე. ყველაზე დიდი ეკონომიკური საქმიანობა, რაც ოდესმე ჰქონიათ, მე გავაჩერე“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, ინტერვიუს დროს პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ისრაელსაც და უკრაინასაც თანაბრად ექცევა. თუმცა, მან აღნიშნა, რომ ეს კონფლიქტები „ძალიან განსხვავებულია“, რადგან ახლო აღმოსავლეთი ყოველთვის იყო თავდასხმის ქვეშ.