ტრამპი პუტინზე განაწყენდა

4
spot_img

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსის რეპუტაცია. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს მისი განცხადებები და TruthSocial-ზე გამოქვეყნებული პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ამერიკის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკა რუსეთის მიმართ სრულიად შეიცვალა. ტრამპმა დადებითად უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, უნდა ჩამოაგდოს თუ არა ნატომ რუსული თვითმფრინავები, რომლებიც ალიანსის წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეს არღვევენ.

ტრამპის პოსტი TruthSocial-ზე სავსეა სენსაციური განცხადებებით. „უკრაინა, ევროკავშირის მხარდაჭერით, მზადაა იბრძოლოს და დაიბრუნოს მთელი თავისი ტერიტორია თავდაპირველი საზღვრების ფარგლებში. დროთა განმავლობაში, ევროპის და განსაკუთრებით ნატოს მოთმინებითა და ფინანსური მხარდაჭერით, იმ თავდაპირველი საზღვრების დაბრუნება, სადაც ეს დაპირისპირება დაიწყო, სრულიად შესაძლებელია. რატომაც არა? რუსეთი სამწელიწად-ნახევარია იბრძვის უაზრო კონფლიქტში, რომელიც ნამდვილ სამხედრო ძალას ერთ კვირაზე ნაკლებ დროში უნდა მოეგო. ეს რუსეთს არ გამოარჩევს. პირიქით, ეს მას სულ უფრო მეტად „ქაღალდის ვეფხვს“ ამგავსებს“, – წერს ტრამპი.

ეს ფრაზა მტკივნეული დარტყმაა რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის ეგოსთვის, რომელიც ყველა ხერხს ხმარობს, რომ ძლიერი და დაუმარცხებელი ლიდერი ჩანდეს. ტრამპი საგარეო პოლიტიკას უცხოელ ლიდერებთან პირადი ურთიერთობების პრიზმიდან უყურებს. ის დიდი ხანია ხაზს უსვამდა პუტინთან კარგ ურთიერთობას და საარჩევნო კამპანიის დროს ამტკიცებდა, რომ ამ ურთიერთობის წყალობით, მას შეეძლო ომის დასრულება 24 საათში. თუმცა, პუტინმა ომი არ გააჩერა, არამედ გამოიყენა ტრამპთან ურთიერთობა მოლაპარაკებების გაჭიანურებისა და ფრონტის ხაზზე შეტევის გასაგრძელებლად.

როგორც ჩანს, ტრამპის მოთმინება ამოიწურა. შესაძლებელია, რომ ამერიკის პრეზიდენტის მიერ ნობელის მშვიდობის პრემიის მოგების დაკარგულმა იმედმაც ითამაშა როლი და, მისი აზრით, ამაში პუტინია დამნაშავე.

ტრამპის პირად წყენას აძლიერებს ჩინეთთან მისი სატარიფო ომის წარუმატებლობა, ინდოეთთან ურთიერთობების გაუარესება და შეერთებულ შტატებში ეპშტეინის ფაილების გარშემო ატეხილი სკანდალები. ტრამპისთვის უკრაინაში ომი მძიმე ტვირთად იქცა, რაც მის ისედაც რთულ მდგომარეობას აუარესებს.

ტრამპის პოსტის ბოლო ნაწილში ნათქვამია: „პუტინი და რუსეთი სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს განიცდიან და ახლა უკრაინის მოქმედების დროა. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე ქვეყანას საუკეთესოს ვუსურვებ. ჩვენ გავაგრძელებთ ნატოს იარაღის მიწოდებას, რათა ალიანსმა გამოიყენოს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის. წარმატებებს გისურვებთ ყველას!“

ტრამპი პროგნოზირებს, რომ ევროპისა და ნატოს მხარდაჭერით, უკრაინა გაიმარჯვებს. შეერთებული შტატები გააგრძელებს ნატოს იარაღის მიწოდებას. თუმცა, შეერთებული შტატები პირდაპირ არ მიიღებს მონაწილეობას ამ კონფლიქტში და არც სამშვიდობო მოლაპარაკებებში. პონტიუს პილატეს მსგავსად, ტრამპი ხელებს იბანს. ის იშორებს პოლიტიკურ ბარგს, რომელმაც მხოლოდ დანაკარგები მოუტანა და საზოგადოების ყურადღებას შეერთებულ შტატებსა და  მსოფლიოში არსებულ სხვა პრობლემებზე გადაიტანს.

ომი უკრაინაში გაგრძელდება მანამ, სანამ ერთი მხარე არ ამოწურავს თავის რესურსებს. გაჭიანურებულ სამხედრო კონფლიქტებში იმარჯვებს ის მხარე, რომელსაც ყველაზე მეტი რესურსი აქვს. სწორედ ეს იგულისხმა ტრამპმა უკრაინაში ომის შედეგის პროგნოზირებისას.

ალექსანდრე წულაძე- პოლიტოლოგი