ტრამპი, პუტინი, სი ძინპინი და ახალი იმპერიების ეპოქა – რას წერს Financial Times-ი

1
spot_img

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპი, პუტინი, სი ძინპინი და ახალი იმპერიების ეპოქა“ (ავტორი – გიდეონ რიხმანი, პოლიტიკური მიმომხილველი), რომელშიც ყურადღებაა გამახვილებული აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ტერიტორიული ექსპანსიონისტური ამბიციებზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

თქვენ, ალბათ, გსმენიათ ნეოლიბერალიზმზე და ნეოკონსერვატიზმზე.. ახლა კი მივესალმოთ ნეოლიბერალიზმის ეპოქის შემობრძანებას ჩვენს ცხოვრებაში.

ყველაზე საოცარ მომენტად დონალდ ტრამპის გასული თვის საინაგურაციო გამოსვლაში ითვლება მისი დაპირება, რომ „აშშ ისევ გახდება მზარდი სახელმწიფო, ამერიკელები ისევ მზარდი ერი იქნება, ქვეყნის სიმდიდრე გადიდდება და მისი ტერიტორია გაფართოვდება“.

იმედები იმისა, რომ დონალდ ტრამპის ლაპარაკი ტერიტორიულ ექსპანსიაზე მხოლოდ ცარიელი რიტორიკა იქნებაო, უკვე გაიფანტა: პრეზიდენტის მიერ კონკრეტული ქვეყნების ტერიტორიების დასახელება, რომლის შეძენა მას სურს, იმდენად ხშირად გაისმის, რომ მისი იგნორირება და ხელის ჩაქნევა შეუძლებელი ხდება.

დონალდ ტრამპმა მტკიცედ და დამაჯერებლად განაცხადა, რომ ამერიკა მიიღებს გრენლანდიას, დაიბრუნებს პანამის არხს და დიდი ალბათობით, კანადა აშშ-ის 51-ე შტატი გახდება. გასულ კვირას მან უკვე განცხადება ღაზას სექტორის შესახებაც გააკეთა – ისრაელისაგან ღაზას მივიღებთ და იქ ფეშენებელურ კურორტს ავაშენებთო.

პრეზიდენტის გატაცებამ ტერიტორიული შენაძენებით ზოგიერთი მისი მტკიცე მომხრეც კი გააკვირვა. თუმცა დონალდ ტრამპის ექსპანსიონისტური ამბიციები იოლად იქნება გასაგები, თუ მათ გლობალური ტენდენციების ჭრილში განვიხილავთ. კიდევ ორი მსოფლიო  ლიდერი, რომლებსაც დონალდ ტრამპი თავის თანასწორად თვლის – ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი – ტერიტორიულ ექსპანსიას საკვანძო ეროვნულ მიზნად თვლიან. გარდა ამისა, მათაც ასევე ახასიათებთ განდიდების მანიის გარკვეული სიმპტომები.

რუსეთის წარმომადგენლები ხშირად იმოწმებენ ეროვნულ უსაფრთხობასთან დაკავშირებულ მიზეზებს, უკრაინის ომის გაჩაღებაში თავის მართლებისათვის. ვლადიმერ პუტინი თვითონ   პირადად მხარს უჭერს იდეას, რომ უკრაინა ცალკე არსებული ქვეყანა კი არ არის, არამედ „რუსული სამყაროს“ ნაწილს წარმოადგენს.

სერგეი ლავროვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ერთხელ თავის ახლო სანდო პირისთვის კონფიდენციალურად უთქვამს, რომ უკრაინაში შეჭრის წინ ვლადიმერ პუტინმა სამი მრჩელის რჩევა მოისმინა: „ივანე მრისხანესგან, პეტრე დიდისაგან და ეკატერინე დიდისგან“. როგორც ცნობილია, რუსეთის ჩამოთვლილი მმართველები ტერიტორიულ ექსპანსიონისტურ პოლიტიკას ახორციელებდნენ და რუსეთს აფართოებდნენ. სწორედ ეკატერინე მეორეს პერიოდში მიიერთა რუსეთმა (მე-18 საუკუნის II ნახევარში) უკრაინის დღევანდელი ტერიტორიის დიდი ნაწილი.

როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინს ისტორიის სცენიდან წასვლა ისე სურს, რომ თავის მეზობელზე და რუსეთის იმპერიის ყოფილ ტერიტორიაზე – უკრაინაზე კონტროლი აღადგინოს და შესაძლოა უფრო დასავლეთითაც წაიწიოს.

სი ძინპინიც განიხილავს კუნძულ ტაივანზე კონტროლის დამყარებას – როგორც ჩინეთის არსებობის ეროვნულ მიზნად და თავის ისტორიულ მემკვიდრეობად. ამას წინათ მან ხაზი გაუსვა: „ტაივანი ჩინეთის წმინდათაწმინდა ტერიტორიაა“.

სი ძინპინის თქმით, ტაივანის პრობლემა მეტად აღარ შეიძლება თაობიდან თაობას გადაეცეს. პრობლემა უნდა გადაიჭრას. ჩინეთის გაერთიანება დიდი მიღწევა იქნება, რომელიც სი ძინპინს თითქმის ისეთივე ანალოგიურ სტატუსს მისცემს, როგორც ჰქონდა მაო ძედუნს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დამაარსებელს.

დონალდ ტრამპს იმპერიებისადმი ინტერესი ახლახანს გაუჩნდა. პრეზიდენტის მრჩევლები ცდლობენ რესტროსპექტულად დაასაბუთონ მისი განცხადებები გრენლანდიის, პანამისა და ღაზას სექტორის შესახებაც კი. პროცესი სულ უფრო მოგვაგონებს „ტვინების გამორეცხვას“.

როგორც ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებულ შემთხვევაში, დონალდ ტრამპის განცხადებებს ამერიკელი „ტვინის მრეცხავებიც“ ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფით ხსნიან. გასაგებია, რომ გრენლანდიაში სასარგებლო წიაღისეულის მნიშვნელოვანი საბადოებია, გასაგებია. ასევე შეიძლება დავიჯეროთ, რომ პანამის არხის მისაკუთრება მართლაც ჩინელებს სურთ… მაგრამ კანადა და ღაზას სექტორი? ამ შემთხვევაში რაციონალური განმარტების გაკეთება ძნელია, მხრების აჩეჩვა და ირონია კი საქმეს არ შველის.

როცა დამაჯერებელი სტრატეგიული დასაბუთება არ არსებობს, დონალდ ტრამპის ტერიტორიული ამბიციების დასაბუთება შეიძლება ალტერნატიული განმარტებით მოხდეს: საქმე ეხება პირად განდიდებას. თუ მისთვის ნობელის მშვიდობის პრემია მინიჭება რაღაც მიზეზების გამო ვერ მოხდება, მაშინ მას, უკიდურეს შემთხვევაში, შეუძლია მიაღწიოს იმას, რომ მისი სახე რაშმორის მთის ფერდობზე იქნება სხვა პრეზიდენტების სახეებთან ერთად გამოხატული, აშშ-ის ტერიტორიების გაფართოების საქმეში შეტანილი წვლილისათვის.

ამბობენ, რომ პრეზიდენტს, უბრალოდ, მშობლიური ქვეყნის ტერიტორიის გაფართოება სურს. ეს ვარაუდები ბოლო დროს, განსაკუთრებით დანიის პრემიერ-მინისტრთან მეტე ფრედერიკსენთან ცნობილი სატელეფონო საუბრის შემდეგ, სულ უფრო მეტ ნამდვილობას იძენს. გაისმის ხმები, რომ დანიის პრემიერი აშშ-ის პრეზიდენტს თითქმის ყველაფერზე დათანხმდა, ერთის გარდა – იგი წინააღმდეგია, რომ გრენლანდიაზე ამერიკის სუვერენიტეტი გავრცელდეს. პრემიერი თანახმაა იმაზე, რომ აშშ-ს გრენლადიაზე რამდენი სამხედრო ბაზაც სურს, იმდენი ჰქონდეს. ასევე სადაც სურს და რამდენიც სურს, იმდენი წიაღისეულის საბადო აითვისოს და დაამუშაოს…. მაგრამ დონალდ ტრამპმა მთავარი ვერ მიიღო: მას თვითონ გრენლანდია სურს მთლიანად.

დონალდ ტრამპის იმედები კანადის მიერთებისა და ღაზას სექტორის მისაკუთრების შესახებ – იქ ხმელთაშუაზღვისპირეთის ფეშენებელური კურორტის გაშენების მიზნით – ნაკლებად სინამდვილედ მოჩანს, მაგრამ პანამის არხი და გრენლანდია საკმაოდ მოწყვლადები არიან: თუ ამერიკა სამხედრო ძალას გამოოიყენებს, მაშინ მას ვერც დანია და ვერც პანამა ჯეროვან წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ.

იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკას, რუსეთს და ჩინეთს ექსპანსიონისტური ამბიციების მქონე ადამიანები ხელმძღვანელობენ, დღევანდელი საერთაშორისო სისტემის პერპექტივა საკმაოდ ბნელი მოჩანს. შესაძლოა, მსოფლიო იმ ეპოქიდან, როცა პატარა სახელმწიფოებს იმედი ჰქონდათ საერთაშორისო სამართალი დაგვიცავსო, გადადის იმ ეპოქაში, როცა, როგორც ფიკიდიდე ამბობდა, „ძლიერები იმას აკეთებენ, რაც შეუძლიათ, სუსტები კი იმას ვერ აკეთებენ, რის გაკეთებაც სურთ“.

ასეთი მსოფლიო შეიძლება დაიყოს გავლენის სფეროებად დიდ და ძლიერ სახელმწიფოებს შორის – აშშ კონცენტრირდება დასავლეთ ნახევარსფეროში, რუსეთი – აღმოსავლეთ ევროპაში, ჩინეთი კი – აღმოსავლეთ აზიაში. გავიხსენოთ, რომ მე-19 საუკუნეში დიდი სახელმწიფოები დიპლომატიურ კონფერენციებსაც კი ატარებდნენ მსოფლიოს დასანაწილებლად – მაგალითად, ბერლინში 1884-1885 წლებში, როცა აფრიკა გადანაწილდა.

მაგრამ ნებისმიერი ასეთი გადანაწილება თავისი არსიდან გამომდინარე, საკმაოდ მყიფე იქნება. მე-19 საუკუნეში არსებული დიდი სახელმწიფოები, მე-20 საუკუნის მსოფლიო ომების შედეგად, საბოლოო ჯამში, შედარებით მცირე ქვეყნებად დაიშალნენ. დამოუკიდებლები გახდნენ მათი კოლონიებიც.

იმპრიალისტური იდეოლოგიის ზრდა თავის გავლენას ახდენს აგრეთვე შიდა პოლიტიკაზეც. იმპერიებს, როგორც წესი, იმპერატორები მართავენ. ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ექსპანსიონისტური პოლიტიკა იწვევს მათ ქვეყნებში პიროვნების კულტის ზრდას და პოლიტიკურ რეპრესიებს. დონალდ ტრამპის უცხოურ ამბიციებს თან ახლავს „შინაური მტრების“ და სახელმწიფოს ბიუჯეტის გამნიავებლების გამოვლენის კამპანია.

ილონ მასკმა, რომელიც უმთავრესად ნგრევით არის დაკავებული, ვიდრე მშენებლობით, თქვა, რომ ყოველდღიურად ფიქრობს რომის იმპერიის ბედზე და ივარაუდა, რომ ამერიკას, ალბათ, ჭირდება თანამედროვე სულა – რომაელი დიქტატორი, რომელმაც, იმპერიის რეფორმირების პროცესში, ასობით თავისი მოწინააღმდეგე დახოცა. მოკლედ, სავარაუდო პერსპექტივაზე უკვე გაფრთხილებულები ხართ. 

წყარო