ტრამპი აპირებს, რომ დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის უფლება გააუქმოს

12
spot_img

დონალდ ტრამპის თქმით, შეეცდება, აღმასრულებელი ქმედებებით გააუქმოს ქვეყანაში დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის მოპოვების უფლება, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა „ენბისი ნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

ტრამპის თქმით, თანამდებობის დაკავების პირველივე დღიდან აპირებს აღმასრულებელი ზომების მიღებას, რათა შეეცადოს შეწყვიტოს მოქალაქეობის გაცემა აშშ-ში დაბადებული ნებისმიერი ადამიანისთვის, მიუხედავად მათი მშობლების სტატუსისა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკელებს, შესაძლოა, დასჭირდეთ საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება ამ საკითხის გადასაჭრელად. მისი თქმით, ეს რთული პროცესია.

„მოგვიწევს ამის შეცვლა. ალბათ მოგვიწევს ხალხთან დაბრუნება, მაგრამ უნდა დავასრულოთ ეს. ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც ეს გვაქვს“,- აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ სურს შეთანხმება აშშ-ში არალეგალურად ჩამოყვანილი „მეოცნებე“ ემიგრანტების დასაცავად და თქვა, რომ რესპუბლიკელები ღია არიან ამ იდეისთვის.

„რაღაც უნდა გავაკეთოთ „მეოცნებეებთან“ დაკავშირებით, რადგან ეს ის ხალხია, რომლებიც აქ ძალიან პატარა ასაკში ჩამოიყვანეს და ბევრი მათგანი ახლა საშუალო ასაკისაა. ისინი არც კი ლაპარაკობენ თავიანთი ქვეყნის ენაზე. დიახ, ჩვენ ვაპირებთ რამის გაკეთებას ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ტრამპმა.