„რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის რიტორიკამ განაპირობა მასზე განხორციელებული თავდასხმები.
სამართალდამცველებმა დონალდ ტრამპზე თავდასხმის კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთეს. ინციდენტი ფლორიდაში, ექსპრეზიდენტის გოლფ-კლუბის ტერიტორიაზე მოხდა.
პოტენციური მკვლელი, რომელიც ბუჩქებში იყო ჩასაფრებული, საიდუმლო სამსახურის აგენტებმა შენიშნეს და ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ის გაიქცა, თუმცა პოლიციამ მალევე დააკავა.
„მას [თავდამსხმელს] სჯეროდა ბაიდენისა და ჰარისის რიტორიკის და ამ რიტორიკიდან გამომდინარე მოქმედებდა. მათი რიტორიკა ჩემზე თავდასხმას იწვევს, როცა მე ვარ ის, ვინც ქვეყანას გადაარჩენს, ხოლო ისინი კი ქვეყანას ანგრევენ“, – აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.