აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ალასკაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. როგორც Axios-ი წერს, პრეზიდენტებს შესაძლოა, სადილის შემდეგ თეთრ სახლში „რთული“ შეხვედრა ჰქონდეთ.
ცნობილია, რომ ზელენსკიმ და ტრამპმა მოახლოებული შეხვედრის შესახებ ნატოს ლიდერებთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადეს. გამოცემის წყაროს ცნობით, საუბარი, რომელიც საათ-ნახევარზე მეტხანს გაგრძელდა, „მარტივი არ ყოფილა“.
Axios-ის ცნობით, ტრამპმა ზელენსკის ალასკიდან ვაშინგტონში დაბრუნებისას Air Force One-ის ბორტიდან დაურეკა. საუბარში ასევე მონაწილეობდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თეთრი სახლის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, რომლებიც ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრას ესწრებოდნენ.
პოლიტიკოსები ზელენსკის ერთი საათის განმავლობაში ესაუბრნენ, რის შემდეგაც საუბარში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ფინეთის, ნატოსა და ევროკომისიის ლიდერები ჩაერთნენ.
წყაროს ცნობით, ტრამპმა ზელენსკის და ნატოს ლიდერებს უთხრა, რომ პუტინს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ ომის დასრულების ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევას გეგმავს.
„ტრამპმა სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ, მისი აზრით, სწრაფი სამშვიდობო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე უკეთესია“, – დასძინა წყარომ.
ეს პოზიცია კი ეწინააღმდეგება იმ მიდგომას, რომელსაც ტრამპი თავდაპირველად უჭერდა მხარს. ამავდროულად, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე ჯერ ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოხდეს.
გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის ლიდერს უთხრა, რომ პუტინმა იგი დაარწმუნა, რომ რუსეთმა ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, ამიტომ თუ მოისურვებს, შეუძლია მთელი დონეცკის ოლქის და სხვა რეგიონების ხელში ჩაგდება, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს.
თუმცა, წყაროს ცნობით, ზელენსკიმ ტრამპს უთხრა, რომ პუტინი ფრონტზე არსებულ სიტუაციას არასწორად წარმოაჩენს.
„ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ტერიტორიის სანაცვლოდ, პუტინი მზად არის, დაასრულოს ომი და აიღოს ვალდებულება, რომ არ შეეცდება უკრაინის სხვა ნაწილების ოკუპაციას და სხვა ქვეყნებზე თავდასხმას“, – დასძინა წყარომ.