“ტყუილი იყო, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას თავს ანებებდა”-ირაკლი ქადაგიშვილი

85
spot_img

სააკაშვილი ცდილობს, მისი პოლიტიკაში დაბრუნებით პარტიის რღვევის პროცესი დროებით მაინც შეაჩეროს. მათი პატრონების მიზანია, რადიკალური ოპოზიცია რამენაირად გადაარჩინონ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ განულებისკენ არის წასული

„მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოაპარეს და ეს არ იყო მხოლოდ მისი განზრახვა. ეს იყო გლობალური „ომის პარტიის“ ერთ-ერთი ჩანაფიქრი. სააკაშვილის საქართველოში შემოპარვით უნდა მომხდარიყო ქვეყანაში არეულობის, პოლიტიკური კრიზისის შექმნა, ხელისუფლებაში დაბრუნება, რათა მას განეხორციელებინა ქმედებები, რაც ქვეყანას მეორე ფრონტის გახსნამდე მიიყვანდა. პირველ ეტაპზე როცა ეს არ გამოუვიდათ, სააკაშვილის პატიმრობიდან თავის დაღწევის მიზნით, უდიდესი ფეიკკამპანია წამოიწყეს, თითქოს საქართველო სააკაშვილს წამლავს, არ მკურნალობენ, აწამებენ და ასე შემდეგ. ვიხილეთ, როგორ იხარჯებოდა მილიონები, როგორ იყო ჩართული ამ პროცესებში ლამის ნახევარი ევროპარლამენტი. სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ეს არის „ფეიკი“, ტყუილი, მანიპულაცია, რისი დაშვებაც ევროპულმა სასამართლომ არც კი წარმოიდგინა, რადგან მსოფლიოს მასშტაბით ეს გამოიწვევდა საპატიმრო სისტემის ჩამოშლას. ვინაიდან ეს გზა არ გამოუვიდათ, ახლა დაიწყო იმ რეალობის დაბრუნება, რისთვისაც სააკაშვილი ჩამოიყვანეს. სააკაშვილის შიმშილობა არ გამოუვიდათ და ახლა პოლიტპატიმრის სტატუსი უნდათ, მიანიჭონ. ამისთვისაა საჭირო გამოცხადება, რომ ის ქართულ პოლიტიკაშია. ტყუილი იყო, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას თავს ანებებდა, არ აინტერესებდა, უკრაინაზე იყო კონცენტრირებული. რა უნდა მისგან „ნაციონალურ მოძრაობას“? – პარტია განულებისკენ არის წასული, ამიტომ მათი პატრონები ფიქრობენ, იქნებ, სააკაშვილის ფაქტორმა პარტიის განულებისკენ მიმავალი კრახი დროებით შეაჩეროს და პარტიის შიგნით დესტრუქცია შეაჩერონ. სააკაშვილი ცდილობს, მისი პოლიტიკაში დაბრუნებით პარტიის რღვევის პროცესი დროებით მაინც შეაჩეროს. მათი პატრონების მიზანია, რამენაირად გადაარჩინონ რადიკალური ოპოზიცია. ხედავენ, რომ ხელისუფლებას რადიკალური ოპოზიციის სახით არანაირი კონკურენტი აღარ ჰყავს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.