თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა, პოლიციამ 17 პირი დააკავა

27
spot_img
თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით კიდევ რამდენიმე პირი დააკავა.
 როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, თვალჭრელიძის ქუჩაზე დღეს, დღის განმავლობაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით 17 ადამიანია დაკავებული, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თვალჭრელიძის ქუჩა N1-ში მიმდინარე აღსრულების პროცესის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია. აღსრულების ბიუროს ცნობით, ამას ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ შენობების მზიდი კედლები დაზიანებულია და არსებობს მათი ნებისმიერ დროს ნგრევის საშიშროება.
 ამასთან, აღსრულების ბიურო მოუწოდებს „უკანონოდ შეჭრილ პირებს, შეასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება, მიიღონ შეთავაზებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიურო ვალდებულია, აღასრულოს გადაწყვეტილება“.