
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოკერგული ატაგულიევი დახვდა.
საქართველოს მთავრობის ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძეს თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი 7 მარტს პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერისა და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილის ხელმძღვანელობით, საქართველოსა და თურქმენეთის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება, რომლის შემდეგ დარგობრივ უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდება.
„პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.