“თურქეთის მხარესთან განვიხილეთ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს შუა დერეფნის განვითარებას და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას” -მარიამ ქვრივიშვილი

9
spot_img
„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ასევე გვქონდა შედეგზე ორიენტირებული ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში ვიმსჯელეთ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებზე”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
თბილისში საქართველო-თურქეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის და თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ აბდულკადირ ურალოღლუს თანათავმჯდომარეობით გაიმართა. სხდომაზე ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები და საკითხები განიხილეს. ორი ქვეყნის წარმომადგენელებმა ასევე იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონული მნიშვნელობის შუა დერეფნის მარშრუტის განვითარებას.
„მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტის სექტორზე. ამავდროულად განვიხილეთ ის მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს შუა დერეფნის განვითარებას, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას. საუბარი შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმდინარე სამშენებლო პროცესს და   მაგისტრალური გზების მშენებლობას. ასევე ვისაუბრეთ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის  წინსვლის შესახებ, რომელიც, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია არამარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ აზერბაიჯანის და თურქეთის რესპუბლიკისთვისაც. დღევანდელი შეხვედრის შედეგად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის  ეკონომიკური თანამშრომლობა გაიზრდება”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ტურიზმისა და ავიაციის მიმართულებით საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება კიდევ ერთი საკითხია, რომელიც მხარეებმა განიხილეს. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო რამდენიმე ხნის წინ მის შეხვედრას თურქეთის წამყვანი ავიაკომპანიის – Turkish Airlines-ის – ხელმღვანელობასთან, სადაც ქვეყნებს შორის ახალი საჰაერო მარშრუტის გახსნის პერსპექტივები იქნა განხილული.
„Turkish Airlines-სთან ერთად უკვე ვმუშაობთ ანკარა-თბილისის მიმართულებით პოტენციური პირდაპირი ფრენის დაწყების თაობაზე. ეს გააძლიერებს ქვეყნებს და ხალხთა შორის კავშირებს. რა თქმა უნდა, პირდაპირი ფრენების სიხშირეების ზრდა, ისევე როგორც ახალი მიმართულების დამატება ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას და ინვესტიციების მოზიდვას თურქეთიდან საქართველოში”, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველო-თურქეთის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს ნაყოფიერს უწოდებს თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულკადირ ურალოღლუ. „განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ტრანსპორტის მიმართულებას – ვისაუბრეთ სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის კუთხით თანამშრომლობაზე. ყურადღება გავამახვილეთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, რადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით მის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და იმედი მაქვს, რომ თანამშრომლობა ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება”, – განაცხადა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.