„თურქეთიდან რუსეთში ისეთი ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი ხდება, რომლებიც სამხედრო მიზნებითაც გამოიყენება (მიკროჩიპები, ოპტიკური მოწყობილობები და ა.შ.), შესამჩნევად იზრდება. ასეთი სიტუაცია უკვე დიდი ხანია აშშ-ისა და ევროკავშირის შეშფოთებას იწვევს“, – ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „თურქეთიდან რუსეთში სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი იზრდება“ (ავტორები – ადამ სამსონი და მაქს სედონი).
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, 2023 წლის ცხრა თვის განმავლობაში თურქული ექსპორტი საეჭვოდ გაიზარდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში – საქართველოში, აზერბაიჯანში, ყირგიზეთში, უზბეკეთში და ტაჯიკეთში, რომლებიც სატრანზიტო ქვეყნებად ითვლებიან საქონლის რუსეთში გადასაზიდად.
რუსეთისათვის მიწოდებული პროდუქციის საერთო მოცულობა 158 მილიონ დოლარს აღწევს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2022 წლის მაჩვენებლებს.
ამ კვირაში ანკარას აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე ბრაიან ნელსონი უნდა ეწვიოს, რომელიც ფინანსურ დაზვერვას კურირებს. მას დაგეგმილი აქვს თურქეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დროს განიხილოს რუსეთ-თურქეთის ვაჭრობის დროს დასავლური სანქციების შესრულების საკითხი – რატომ მიეწოდება რუსეთს ის პროდუქცია, რომლითაც მოსკოვი უკრაინას ზიანს აყენებს.
„ზოგიერთ სახელმწიფოსთან, ვთქვათ, იმავე თურქეთთან, ჩვენ სუსტი პოზიციები გვაქვს“, – ამბობს „ფაინენშელ თაიმსთან“ საუბარში ემილი კილკრიზი, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ყოფილი მოადგილე, – აუცილებელია, რომ რიგმა ქვეყნებმა ზომები მიიღონ იმ კომპანიების და კონკრეტული ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთში პროდუქციის ექსპორტს, ტრანზიტული გზების გამოყენებით“.
ემილი კილკრიზის თქმით, თუ თურქეთი თავის კანონმდებლობაში ცვლილებებს არ შეიტანს, ასეთ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ ამერიკამ იძულებითი ღონისძიებები განახორციელოს“.