თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი უკრაინის ექსპორტის ხელშესაწყობად შავი ზღვის ნაღმებისგან გაწმენდის ოპერაციებს იწყებენ

13
spot_img

თურქეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა შავ ზღვაში ერთობლივი განაღმვითი ოპერაცია დაიწყეს, რომლის მიზანი საზღვაო გადაზიდვების უსაფრთხოების გაუმჯობესებაა, განსაკუთრებით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ სტამბოლის ინიციატივა, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების პირველი დიდი ერთობლივი ქმედება, მიზნად ისახავს შავი ზღვის იმ ნაღმებისგან გაწმენდას, რომელიც იქ ომის შედეგად აღმოჩნდა.

მედია წერს, რომ რუსეთი და უკრაინა მარცვლეულის მთავარი მწარმოებლები არიან და ომი საფრთხეს უქმნის ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვას. შარშან კიევმა შავი ზღვის ექსპორტის საკუთარი მარშრუტი აამოქმედა მას შემდეგ, რაც რუსეთის, თურქეთისა და გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი უსაფრთხო დერეფნის შეთანხმება ჩაიშალა. ამან წარმატებით გაზარდა ექსპორტი და დაეხმარა ეკონომიკას უფრო სწრაფად განვითარებულიყო, ვიდრე პროგნოზირებული იყო, მაგრამ მარშრუტი კვლავ სარისკოა. შარშან, უკრაინის ოდესის პორტთან ახლოს რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სავაჭრო გემის ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა რამდენიმე დაშავდა. ნოემბერში, შავ ზღვაში უკრაინის პორტიდან გასვლისას აფეთქების შედეგად სასოფლო-სამეურნეო კომპანია Cargill Inc -ის მიერ დაქირავებული გემი დაზიანდა.

უკრაინამ მარტში განაცხადა, რომ შავი ზღვის პორტებიდან ექსპორტი თითქმის ომამდელ დონეს დაუბრუნდა, თუმცა ოდესის ირგვლივ მდებარე პორტები რუსეთის მხრიდან თავდასხმებს ხშირად განიცდიან, რაც მათ საქმიანობას აფერხებს.