“თურმე სუს-მა თავიდან აიცილა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აქტივობა” – რომან გოცირიძე

110
spot_img

სუს-ის ანგარიშში ძალიან ბევრი ბუნდოვანი ჩანაწერია და ძალიან ჰგავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ განცხადებებს, – ასე აფასებს პოლიტიკურ ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე სუს-ის ანგარიშს, რომელსაც პარლამენტი ხვალ განიხილავს.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, დოკუმენტში გარე საფრთხეებთან დაკავშირებით ნახსენებია უცხო ქვეყანა და არა რუსეთი.

„არის ერთი ასეთი დებულება, რომ თურმე სუს-მა თავიდან აიცილა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აქტივობა და რომელი ქვეყანაა ეს, არ ასახელებს. თუ რუსეთია, ახსენონ პირდაპირ რუსეთი, მაგრამ რუსეთს არ ჰგავს, რადგან თურმე მერე სუს-მა აიცილა ამ რომელიღაც უცხო ქვეყნის ინტერვენცია ანუ შემოჭრა საქართველოში. რომ იტყვიან – „გვარს არ დავასახელებ და ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეო“, ასე არ ასახელებენ რომ რუსეთია, მაგრამ მერე თურმე სუს-მა აიცილა „მეორე ფრონტის“ გახსნა – ეს სიტყვა არაა გამოყენებული, მაგრამ ასე იკითხება. „ქართული ოცნების“ ლიდერების პოლიტიკური განცხადებების გამეორებაა. ანგარიშის მოსმენისას გამოვკითხავ დაწვრილებით, რა იგულისხმება ამაში, ვინ აპირებდა პროვოკაციას და ვინ აპირებდა საქართველოში შემოჭრას. სადაც საკითხი ეხება რუსეთს, ირიბად არის ნათქვამი და არ არის ნახსენები, ვინ და რა იგულისხმება.

რაც შეეხება სახელმწიფო თანამდებობის პირის მოსალოდნელ ლიკვიდაციას, ნათლად უნდა იყოს ნათქვამი, ვინ არის ეს პირი, დაუნიშნეს თუ არა დაცვა, რატომ, რა მოტივით, შიდა არეულობის მოწყობა უნდოდათ, თუ ამ პირის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდათ და ბოლოს და ბოლოს ვინ არის, ვინც მოკვლას აპირებდნენ. აგერ, „მეორე ფრონტის“ გახსნა უნდაო ევროპას და ამერიკას და ამიტომ შესაძლებელია ორაზროვნად იქნას წაკითხული, ბუნებრივია, აქ უნდა იგულისხმებოდეს რუსეთი, თუ სხვას არ გულისხმობენ,“ – განაცხადა გოცირიძემ.

სუს-ის საქმიანობის ამსახველი ყოველწლიური ანგარიში პარლამენტში აპრილის თვეში შევიდა.

დოკუმენტს პარლამენტის სამი კომიტეტი – თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები ერთობლივი სხდომაზე 7 ივლისს განიხილავს. არსებული ინფორმაციით, სუს-ის ხელმძღვანელს ანგარიშით რიგგარეშე სესიის ფარგლებში მოუსმენენ.