“თუ ვინმეს ჰგონია, როცა კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ საქართველოში ევროები გადმოცვივდება, ეს ასე არ არის”- გურამ მაჭარაშვილი

427
spot_img

თუკი ვინმეს ჰგონია, რომ როცა კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ საქართველოში ევროები გადმოცვივდება, ეს ასე არ არის – კანდიდატის სტატუსი ორმა ქვეყანამ მიიღო, მაგრამ იქ ევროები არ ცვივა და რაიმე სასწაული არ ხდება, – განაცხადა   ჟურნალისტებთან  საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა

მაჭარაშვილის თქმით, სტატუსის მიღება საბოლოო მიზნის მისაღწევად საჭიროა, მაგრამ ეს საქართველოსა და ქართველ ხალხს სავაჭრო საგნად არ უნდა ექცეს.

მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველო სტატუსის მინიჭებას იმსახურებს, ლიდერ ქვეყნად არის დასახელებული ასოცირებულ ტრიოში და ბევრი მიმართულებით ნატოს წევრ ქვეყნებსაც უსწრებს.

„იმედი გვაქვს სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ – წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს რუსეთის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება და დავრწმუნდებით იმაში, რომ რუსეთის პროპაგანდას უწყობენ ხელს. სწორედ რუსეთის პროპაგანდაა: აი, ნახეთ, როგორ გჩაგრავს თქვენ დასავლეთი და არასამართლიანად გექცევათ.

თუკი სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით ისევე არასამართლიანად მიგვექცევიან როგორ არასამართლიანადაც შარშან მოგვექცნენ, საბოლოოდ დავრწმუნდებით, რომ რუსული პროპაგანდისკენ არის საქმე, ვიდრე მის საწინააღმდეგოდ”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.