“თუ ვინმემ წააგო არა იმდენად პორტუგალიის ნაკრებმა, არამედ კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ”

2004
spot_img

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: გიორგი ცუცქირიძე

მართალია ერთი თამაშით ძნელია დასკვნების გამოტანა, თუმცა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების დღევანდელი გამარჯვება მაინც ღირს ანალიზისათვის. პორტუგალიას ყოველთვის ძლიერი ახალგაზრდული სხვადასხვა ფორმაციის ნაკრებები ჰყავდა და არც ეს ნაკრებია ხელწამოსაკრავი. გარდა იმისა, რომ მის ძირითად ბირთვს დღესაც ბენფიკას, სპორტინგის და პორტუს ფეხბურთელების ქმნიან, მათ არც ტექნიკა დაეწუნებათ, არც ტაქტიკური მომზადება და არც ფიზიკა, აქ პირველ რიგში სისწრაფეს ვგულისხმობ.

დღეს საქართველოს ამ ფორმაციის ნაკრებმა გაფანტა მითი, თითქოსდა ქართულ გუნდებს დაცვიდან თამაში არ შეუძლიათ. აღმოჩნდა,რომ სწორი ტაქტიკური განლაგების და მეტოქის შედარებითი სისუსტეების გამოყენებისას, მშვენივრად არის შესაძლებელი. ვფიქრობ, რომ პორტუგალიის მწვრთნელისათვის სიურპრიზი იყო ისეთი სწრაფი გარემარბების კონტრშეტევაზე ამ დონის თამაში, როგორების გაგუა და დავითაშვილი არიან. აქვე აღვნიშნავ, რომ გაგუას თამაში ჩემთვისაც სასიამოვნო სიურპრიზი იყო და თუ თავში არ აუვარდება ზოგიერთებივით, მას მაღალ დონეზე თამაში ნამდვილად შეუძლია!

თუ ვინმემ წააგო არა იმდენად პორტუგალიის ნაკრებმა, არამედ კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ. როგორი გადამღლელიც არ უნდა ყოფილიყო იტალიის ან საფრანგეთის ლიგა 1 ჩემპიონატები, ვერანაირი გამართლება არა აქვს 21 წლამდე ნაკრებში თამაშის თავის შეკავებას, ისიც საქართველოში.

ჯერ არც ერთს და არც მეორეს დიდ ფეხბურთში ბევრი არაფერი არ დაუმტკიცებიათ, ეს ვარსკვლავური ბაცილა კვლავ მოსდევს ქართულ მენტალობას, გიორგი ქინქლაძეს ვერც ერთი და ვერც მეორე ნიჭით და საფეხბურთო ტალანტით ვერ შეედრება, რომელსაც ყველაზე დიდ გაფანტულ ტალანტს დავარქმევდი. და სამწუხარო იქნება თუ ეს მენტალური პრობლემა კვარასაც იგივე ბედს უმზადებს… იმისათვის, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშო უნდა ითამაშო სტაბილურად მაღალ დონეზე 8-10 წელი მაინც და არასდროს მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდე…

არც ერთი და არც მეორე არ არიან მარადონა ან რამონ დიასი, რომლებმაც არგენტინას მსოფლიო ჩემპიონობამდე, ჯერ ახალგაზრდული მსოფლიო მოაგებინეს თავის დროზე!

ვილი სანიოლი რომ ახლავე გასაშვებია, ამაზე სადავო მგონი არ უნდა იყოს, არც ტაქტიკა, არც მუხტი და არც არაფერი. ამასთან, მის მიერ ამოჩემებული და სისწრაფე დაკარგული, ფორმიდან ამოვარდნილი რამდენიმე ფეხბურთელი, ახლავე შესაცვლელია. ეს კვეკვესკირსაც ეხება, დვალსაც და კვერკველიასაც…

ახალგაზრდული, რომ არა წააგებდა ეს ჰიმნის შესრულებისას გამოჩნდა. ამ ახალგაზრდული ნაკრებიდან ძირითადში დღესვე შეიძლება 4-5 მოთამაშის დამატება, დაცვაშიც, ნახევარდაცვაშიც და თავდასხმაშიც. სულიკო დავითაშვილთან და საზონოვთან ერთად, ძალიან პერსპექტიულია გაგნიძე და მექვაბიშვილი. იმავეს ვიტყოდი გაგუაზე… ისე გელაშვილიც მომეწონა და გოჩალეიშვილიც.

ახალგაზრდულ ნაკრებს კი მინდა მხოლოდ წარმატებები ვუსურვო, არც ბელგიაა სუსტი და არც ნიდერლანდები, მეორე ნომრად თამაშს გაცილებით დიდი ეფექტი აქვს თუ ბურთის დაჭერის და ამოტანის კომპონენტები იქნება გაცილებით დახვეწილი