თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიცია თანხებს ხარჯავდა იმისთვის, რომ საქართველო დასანქცირებულიყო.
კალაძემ შეაფასა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, რუსეთსა და ბელარუსში, აშშ-დან და ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების საქართველოდან ექსპორტი იკრძალება. კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყნის, საკუთარი მოქალაქეების ინტერესებს ითვალისწინებს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება.
„რაც შეეხება ზოგადად სანქციებს, ჩვენ „ფარას“ დოკუმენტში კიდევ ერთხელ ვიხილეთ და საზოგადოებამ ნახა, რომ ეს ყველაფერი იყო ბლეფი. ამ ყველაფერში ოპოზიცია თანხებს ხარჯავდა იმისთვის, რომ ქვეყანა დასანქცირებულიყო. ამაზე დიდი უბედურება, ამაზე დიდი ღალატი რა უნდა იყოს, როდესაც ფულს ხარჯავ იმისთვის, რომ შენი საკუთარი ქვეყანა, საკუთარი სამშობლო დასანქცირებული იყოს. ეს არის ძალიან დიდი უბედურება. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ შემიძლია გავაკეთო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ყოველთვის თანამშრომლობს თავის პარტნიორებთან. რაც შეეხება სანქციების მიერთებას, ჩვენ ვერ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემური იყოს. თავიდანვე ვიცით, რომ შეიძლება დამაზიანებელი იყოს. თანამშრომლობას რაც შეეხება, აბსოლუტურად მზად ვართ. ასევე, თუ არის რაიმე ხარვეზი, მზად ვართ, ეს ყველაფერი გამოსწორდეს, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იყოს. თუნდაც პოლონეთის მაგალითი ვნახოთ: ქვეყანას, რომელიც სანქციებს უერთდება, ხორბლის გამოტანასთან დაკავშირებით ხედავთ რა პოზიცია აქვს, პოლონეთი გამოდის და ამბობს, რომ თავისი ქვეყნის, მოსახლეობის ინტერესებს გაატარებენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. ასევე მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებიდან გამოვდივართ“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებამ თავიდანვე დააფიქსირა პოზიცია, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტს ვერ და არ შეუერთდება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა პარტნიორებთან და მეგობრებთან თანამშრომლობს.
„ესეც თანამშრომლობის მაგალითია, რომ სამომავლოდ რაიმე პრობლემა არ იყოს. რადგან ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მნიშვნელოვანია ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არა ემოციებით, არამედ ანალიზის შედეგად უნდა იყოს მიღებული.
„როდესაც რაღაც გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, ეს გადაწყვეტილება ემოციებით არ უნდა მივიღოთ. მას სჭირდება ანალიზის გაკეთება, სწორი დასკვნების გაკეთება და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება. თუ ჩვენს წარსულს გადავხედავთ, ვნახავთ, რამდენ შეცდომა გვაქვს დაშვებული ჩვენი არასწორი ნაბიჯებით, არასწორი გადაწყვეტილებებით, რომელმაც ქვეყანა ათეული წლებით დახია უკან, თუნდაც ეკონომიკური განვითარებით, განათლებით, წინსვლითა და ყველაფრით. ამიტომ, არ უნდა გადაიდგას ასეთი ნაბიჯები მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იყოს ზეწოლა, შემოტევა. ხედავთ ოპოზიცია თანხებს ხარჯავს იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა და ხალხი სანქციების ქვეშ მოხდეს. ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება იმიტომ არის ხელისუფლებაში, რომ მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა გვაქვს და ვალდებულები ვართ, დავიცვათ და გავატაროთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში პოლონეთი აკეთებს“, – განაცხადა კალაძემ.