
დღეს ჩვენი ქვეყანა, საქართველო აშშ-სთვის არის ტესტი „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში და თუ პრეზიდენტმა ტრამპმა და ახალმა ადმინისტრაციამ მოახერხა „დიფ სთეითის“ დამარცხება, ეს უთუოდ, პირველ რიგში, აისახება საქართველოზე, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.
მან აღნიშნა, რომ ამ თემაზე დღეს საკმაოდ ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა. მდინარაძის თქმით, თუ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლის ნიშნები იქნება, პირველ რიგში, ეს საქართველოს შეეხება.
„საქართველოზე წინ არც ერთი ქვეყანა არ დგას ამ მიმართულებით. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, რამხელა ზეწოლა იყო საქართველოზე, რამხელა ზეწოლაა დღესაც. მიუხედავად, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისა და ახალი პრეზიდენტის იმ რიტორიკისა, რომელიც ერთი ერთში ჩვენსას ემთხვევა და ეს ძალიან გვიხარია, მაგრამ თუკი „დიფ სთეითის“ დამარცხების ნიშნები, ელემენტარული მაინც გაჩნდება, ამას პირველ რიგში, ქართველები და ჩვენი ქვეყანა იგრძნობს საკუთარ თავზე და საერთაშორისო საზოგადოებაც ამას კარგად დაინახავს“, – აღნიშნა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „Deep State-ის რებრენდინგისა და მოდერნიზაციის შემდეგ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოსა და მისი ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ კიდევ უფრო გახშირდება თავდასხმები და გამუდმებული მცდელობა, რომ ეროვნული ხელისუფლება აგენტურით შეიცვალოს“.