გიორგი ვოლსკი გერმანიის ელჩის მიერ პარლამენტთან მოშიმშილეების მონახულებას ეხმაურება. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ამ საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებას იზიარებს.
„არ შეიძლება ასეთი პოლიტიკური რევერანსის გაკეთება, თუნდაც, აი, ასე მისვლა მოშიმშილესთან, რომელიც პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციონირებს. მაგრამ თუ მიხვედი და არ ეუბნები, რომ ეს შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, ესე იგი მხარს უჭერ იმას, რომ ის მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს და შეიძლება მძიმედ დაასრულოს ეს შიმშილობის პროცესი. რასაკვირველია, აქ ერთადერთი შეფასება, პოლიტიკურის გარდა, შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რაც შალვა პაპუაშვილმა თქვა“, – მიიჩნევს ვოლსკი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან და გედევან ფოფხაძესთან გერმანიის ელჩის მისვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია!
ეს გერმანელებსაც ეხება”, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა.