პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბარი აბსურდულია მაშინ, როდესაც თვითონ ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები არიან ჩართულები ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეში.
როგორც ბექა ოდიშარია განმარტავს, ოპოზიციამ სამართალდამცველებს უნდა მისცეს გამოძიების შესაძლებლობა.
“ადამიანების მიმართ, რომელთა ქმედებაშიც, ძმები, დები, უახლოესი ნათესავები სამეწარმოო საქმიანობაში, ერთ პატარა შენობაში არსებული სხვადასხვა აქტივობების მიმართ, აბსურდულად ბრძანებენ, რომ არ არიან საქმის კურსში. ეს ადამიანები საკუთარ ტყუილში ისე არიან ახლართულები, რომ წყობიდანაც გამოდიან და შეურაცხყოფაზეც გადმოდიან.
თუ მართალი ხარ, შე კაი დედ-მამის შვილო, აცადე სამართალდამცავებს. სულ 2 კაცი არიან პარტიაში და პარტიის თავმჯდომარეს, საწყობის გამგე ამხელს, რომ იქ კომპიუტერები ჰქონდათ შენახული. როგორ შეიძლება 2-კაციან პარტიაში არ ჰქონდეს ადამიან ინფორმაცია.
რა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უნდა ვისაუბროთ, იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც თავად არიან ამაში ჩართულები,”-აცხადებს ბექა ოდიშარია.
ახალი დეტალები ე.წ. ქოლ-ცენტრების, სავარაუდო, საქმეში. გავრცელებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ აღმაშენებლის 75 ნომერში მდებარე დალუქული შენობა შპს “მისანს” ეკუთვნის, რომლის 25 პროცენტს გიორგი ვაშაძის ძმა დავით ვაშაძე ფლობს. ამავე საბუთების მიხედვით, ვაშაძის კომპანიამ ფართი დავით არახამიას ძმის კომპანიას, შპს “ლაიონს შვიდი გრუპს” მიაქირავა.
მხარეებმა ხელშეკრულება 13 აპრილს გააფორმეს. საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს.
უმრავლესობა აქცენტს ვაშაძის პარტიის წევრების ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციაზე აკეთებს და თვლის, რომ განმარტებები არადამაჯერებელია და დანაშაულებრივ სქემასთან ოპოზიციის ნაწილის კავშირები ერთმანეთს საეჭვოდ ემთხვევა.
აღმაშენებლის 75-ში არსებულ ოფისში სამართალდამცველები, 2 დღის წინ გვიან ღამით შევიდნენ, დალუქეს ტერიტორია და ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა.