“საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა. როგორც მან განაცხადა, სამართლიანი განაჩენის გამოტანის იმედი არა აქვს.
,,არანაირი იმედია არ მაქვს, რომ სამართლიანი განაჩენი იქნება გამოტანილი. იმიტომ, რომ პოლიცია თქვენია, პროკურატურა თქვენია, სასამართლო თქვენია. მე რა უნდა გითხრათ?! რასაც პროკურატურა იტყვის, ის იქნება განაჩენი, მე ასე ვფიქრობ. თუ გინდათ უვადო გამოიტანეთ,“ – განაცხადა ბადრი ესებუამ.
სასამართლოს წინაშე დასკვნით სიტყვით უკვე წარსდგა ბრალდებისა და დაცვის მხარეები. სულ მალე სასამართლო აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
შეგახსენებთ, ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო 4 წელი აქვს მისჯილი. საქმე ეხება 2023 წლის 8 თებერვალს, ჯიხაშკარში, ესებუას დაკავების დროს აღმოჩენილ იარაღს.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.