დღეს თუ ეს ქართული ოცნებისთვის არის ჯილდო, გამოდის, რომ მაშინ, 2019 წელს რუსეთმა ქართული ოცნება დასაჯა. მაშინაც ჩვენ რუსულ ძალად გვაცხადებდნენ, ანუ მაშინ დასაჯა ქართული ოცნება, დღეს დააჯილდოვა, – სად არის აქ ლოგიკა?, – ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპონენტების განცხადებებს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე, არის ხელისუფლებისთვის ჯილდო. როგორც მან გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა კონსტიტუცია ხელისუფლებას აკისრებს ვალდებულებას, რომ ხელი შეუწყონ დიასპორის კავშირს საქართველოსთან. მისივე თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება სანქციის დაწესებაზე და გაუქმებაზეც ცალმხრივი იყო და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას ვერ ექნება პოზიცია. „ჩვენ მოგვიწია თავის დროზე ჩვენი პოზიციის დაფიქსირება გამომდინარე იქიდან, რომ რუსული მხრიდან წინასწარ იყო გაჟღერებული ეს პოზიცია. ჩვენი პოზიცია არის ასეთი – არის მილიონამდე ქართველი პირი, რომელიც ცხოვრობს რუსეთში, ამ ადამიანებს უწევთ სხვა ქვეყნების გავლით საქართველოში ჩამოსვლა რაც აძვირებს ხარჯებს ქმნის დისკომფორტს.
პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება ეს თემა კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება გამოიყენოს ეს თემა იმ კამპანიისთვის, რომელსაც ისინი კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აწარმოებენ. ჩვენ დსთ-ს წევრი არ გავმხდარვართ დღეს. იყო დაწესებული სასჯელი რუსეთის მხრიდან და ეს სასჯელი მოიხსნა“, – განაცხადა კობახიძემ.