თუ დახმარება შეწყდება, იდარდონ NGO-ებმა – სოზარ სუბარი

31
spot_img

პრაქტიკულად, გამოდის, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ 30 წლის განმავლობაში, რაც დამოუკიდებლები ვართ, დე ფაქტო სანქციების ქვეშ არიან. მათ უხდებათ მექსიკაში წასვლა და 20-30 ათასი დოლარის გადახდა იმისთვის, რომ აშშ-ში შევიდნენ, რაც ძალიან მიუღებელი დამოკიდებულებაა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

სუბარის თქმით, თუ ამერიკის მხრიდან დახმარება შეწყდება, იმ NGO-ებმა უნდა იდარდონ, რომლებიც ამ დახმარებას იღებდნენ.

“საქართველოს მოსახლეობა ძალიან დიდი ხანია, პრაქტიკულად, სანქციების ქვეშაა. დაახლოებით 2-3-ჯერ მაღალია რუსეთიდან აშშ-ში წამსვლელების ვიზის მოთხოვნების დაკმაყოფილება, ვიდრე საქართველოში. ასევე, სამჯერ და ოთხჯერ მაღალია ჩვენს მეზობელ ქვეყნებში – სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებისთვის. საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნების დაკმაყოფილების პროცენტი დაახლოებით 15%-ს შეადგენს, რაც ძალიან დაბალია. პრაქტიკულად, გამოდის, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ 30 წლის განმავლობაში, რაც დამოუკიდებლები ვართ, დე ფაქტო სანქციების ქვეშ არიან. მათ უხდებათ მექსიკაში წასვლა და 20-30 ათასი დოლარის გადახდა იმისთვის, რომ აშშ-ში შევიდნენ. ეს ძალიან მიუღებელი დამოკიდებულებაა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან”, – აღნიშნა სუბარმა.

სუბარის თქმით, როდესაც აშშ-ის მხრიდან დახმარებაზეა საუბარი, იმ NGO-ების დაფინანსებას ხმარდება, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ და აქციებს აწყობენ.

“როდესაც დახმარებაზეა საუბარი, ის დახმარება, რომელიც საქართველოში შემოდის, იმ “ენჯეოების” დაფინანსებას ხმარდება, რომლებიც ითხოვენ საქართველოს ხელისუფლების გადადგომას, ტექნიკური ხელისუფლების ჩამოყალიბებას და აწყობენ აქციებს. საბოლოოდ ეს ყველაფერი იმდენად აზიანებს საქართველოს ეკონომიკას, რომ ის 10%-ც არ იქნება იმისი, რა მოგებასაც მივიღებდით ასე რომ არ აყანყალებდნენ ეს NGO-ები ამ დახმარებით საქართველოს. თუ დახმარება შეწყდება, იდარდონ იმ NGO-ებმა, რომლებიც ამ დახმარებას იღებდნენ”, – აღნიშნა სუბარმა.