თიბისის პარტნიორი კომპანია GEO MATIC მძღოლებს უნიკალურ სერვისს სთავაზობს

17
spot_img

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 1000 ადამიანზე 418 ავტომობილი მოდის. ამ მონაცემის გათვალისწინებით (მანქანას ლამის ყოველი მეორე ფლობს), გასაკვირია, რომ კომპანია GEO MATIC-ის მიერ მძღოლებისთვის შეთავაზებული სერვისი დღემდე არ არსებობდა ქვეყანაში და მხოლოდ ახლა მკვიდრდება.

GEO MATIC-ის დანადგარებიდან, რომლებიც ავტოსამრეცხაოებსა და სხვა შესაბამის ადგილებში დაგხვდებათ, მომხმარებელს ორი სახის პროდუქტის შეძენა შეეძლება: მინის საწმენდი ერთჯერადი ტილოსი და ასევე ერთჯერადი მუყაოს ხალიჩის.

კომპანიის დაფუძნებელმა, შოთა გაბაიძემ, ამ იდეის განხორციელებაზე ფიქრი ორი წლის წინ დაიწყო:

„დანადგარის 4 სხვადასხვა მოდელის პროტოტიპი შევქმენით, რომელთაგან ერთი შეირჩა. დამზადების პროცესმა, დაახლოებით, წელიწადს გასტანა. ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს, ტექნოლოგიურად და ინოვაციურად უნიკალურია. ტილო, რომლითაც მანქანის მინებს ვწმენდთ და, ხშირად, მანქანაშივე ვინახავთ ხოლმე, უსიამოვნო სუნისა და ანტისანიტარიის წყაროა და სალონში მყოფებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, საფრთხეს წარმოადგენს. ერთჯერადი ტილო კი, რომელსაც ჩვენი დანადგარიდან მინიმალურ ფასად შეიძენთ, მიკრობოჭკოვანი, მრავალფუნქციური მასალისგანაა დამზადებული და მანქანის მინის როგორც შიდა, ისე გარე ზედაპირისთვის გამოიყენება. მეორე პროდუქტი, რომელიც მძღოლებს, განსაკუთრებით კი ტაქსის მძღოლებს, ცხოვრებას გაუიოლებს, მუყაოს ერთჯერადი ხალიჩაა. ეს პროქდუქტი მანქანის სალონში სისუფთავის ხანგრძლივად შენარჩუნებას უწყობს ხელს (წვიმიან ამინდში, ქალაქგარეთ გასვლისას, სალონში მგზავრების ხშირი მონაცვლეობის შემთხვევაში და ა. შ.). ამ ხალიჩის შეძენაც იმავე აპარატიდან იქნება შესაძლებელი – ასევე მინიმალურ ფასად“.

ორივე პროდუქტი „ერთჯერადია“, მაგრამ არა პირდაპირი გაგებით. ანტიბაქტერიული, ბიოდეგრადირებადი ნაჭრის გამოყენება, თუკი მხოლოდ მინები იწმინდება, მრავალჯერადად შეიძლება, მთლიანად მანქანის გაწმენდის შემთხვევაში კი კომპანია ერთჯერადი გამოყენების რეკომენდაციას იძლევა. ხალიჩის მასალა (მუყაო) საკმაოდ გამძლეა, შეწოვის მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ამიტომ ხალიჩა 4-5 დღის განმავლობაში ფუნქციურია.

ეს დანადგარები ავტომატურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს და, დამფუძნებლის თქმით, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მრავალ ადგილას განთავსება.

„ამ ეტაპზე აპარატები ლარიან სამრეცხაოებზეა გათვლილი, იქ ვდგამთ, მაგრამ სამომავლოდ შესაძლებელი იქნება სავაჭრო ცენტრების გარაჟებში, ავტობაზრობებზე და სხვა ადგილებზე დადგმა. 6 აპარატი უკვე თბილისშია, რამდენიმე დღეში დამატებით კიდევ 6 აპარატს ველოდებით. ამ აპარატების ნაწილის შეძენაში თიბისი ბანკი და აწარმოე საქართველო დაგვეხმარა. GEO MATIC ტექნოლოგიური და ინოვაციური მიმართულების ბიზნესია. ამ მიმართულებას თიბისი განსაკუთრებით ახალისებს, ამიტომაც გადავწყვიტე სწორედ ამ ბანკთან დაკავშირება. ბიზნესის ტექნიკური ანალიზის გაცნობის, ხარჯთაღრიცხვის გაკეთების და სხვა დეტალების შეთანხმების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ბანკის და ჩემი ხედვა დაემთხვა, შესაბამისად, თანხაც მარტივად გამოიყო“.

GEO MATIC-ის გეგმები სამ ეტაპს მოიცავს. პირველი ნაბიჯი დედაქალაქის მასშტაბით აპარატების მონტაჟია, რაც, სათანადო სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიის თანხლებით, კომპანიისა და მის მიერ შეთავაზებული სერვისის პოპულარობას გაზრდის. ამის შემდეგ კომპანია საქართველოს სხვა ქალაქებსაც მოიცავს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ეს ფრენშაიზინგი იქნება. ამ ბიზნესით დაინტერესებული პირი ამა თუ იმ ქალაქში კომპანიისაგან შეიძენს აპარატებს, რომელთა მონტაჟს, ფუნქციონირებას, მასალის მიწოდებას და ტექნიკურ საკითხებში დახმარებას GEO MATIC თავად უზრუნველყოფს.

მესამე ეტაპზე GEO MATIC აპირებს, ქვეყნის ფარგლებს გასცდეს და ყოფილი საბჭოთა კავშირის 15 ქვეყნის ბაზარი მოიცვას. ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან.

(R)