თეთრი სახლი პუტინის დროებით „ზავზე“: პრეზიდენტი ტრამპი სულ უფრო მეტად იმედგაცრუებულია, მას ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის მიღწევა სურს

0
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას მიაღწიოს, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა.

მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შეთავაზებით გამოვიდა, ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი მიზანი ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის მიღწევაა.

ლევიტმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ ტრამპი სულ უფრო მეტად იმედგაცრუებულია როგორც პუტინის, ისე, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ და რომ ომის დასასრულებლად ორივე მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, „ჰუმანიტარული მიზეზების გამო, გამარჯვების 80 წლის იუბილეს დღეებში“ – რუსეთმა „ზავი“ გამოაცხადა. ის ძალაში 8-დან 11 მაისამდე იქნება. ამ პერიოდის განმავლობაში ოკუპანტები, სავარაუდოდ, ფრონტზე ყველა სამხედრო ოპერაციას შეწყვეტენ.