თბილისში მოქმედი მთავრობა უარს ამბობს ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, მოგიწოდებთ, მოახდინოთ ზეწოლა-ზელენსკიმ ევროკავშირის სამიტის მონაწილეებს მიმართა

10
spot_img

საქართველოში რუსეთის კონტროლს დაქვემდებარებული მაფია მუშაობს, რომ ქვეყანა პუტინის გავლენის ქვეშ მოაქციოს და ის ევროპულ გზას ჩამოაშოროს,- ამის შესახებ ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის გამოსვლის ტექსტს უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყველა ევროპული ქვეყნის ევროკავშირის სტრუქტურებში და ნატო-ში გაწევრიანებით არის შესაძლებელი.

„მადლობელი ვარ ყველასი, ვინ მუშაობს ჩვენი კონტინენტის გეოპოლიტიკური სიცხადისა და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს შესაძლებელია მხოლოდ ყველა ევროპული ქვეყნის ევროკავშირის სტრუქტურებში და, რა თქმა უნდა, ნატო-ში ჩართვის გზით. არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა არ უნდა დარჩეს გაერთიანებული ევროპისა და ალიანსის მიღმა – ეს ეხება უკრაინასაც, მოლდოვასაც და ბალკანეთის ქვეყნებსაც. სამწუხაროდ, საქართველოში რუსეთის კონტროლს დაქვემდებარებული მაფია მუშაობს, რომ ქვეყანა პუტინის გავლენის ქვეშ მოაქციოს და ის ევროპულ გზას ჩამოაშოროს. თბილისში მოქმედი მთავრობა უარს ამბობს ევროკავშირთან თანამშრომლობაზე. მოგიწოდებთ თქვენ, მოახდინოთ ზეწოლა, განსაკუთრებით ივანიშვილზე და მის მეგობრებზე, რომ არ მისცეთ მას საშუალება, მიიღოს სარგებელი საქართველოს მოპარული ევროპული მომავლისგან და დაკარგული ათწლეულების პროგრესისგან. ჩვენ ვერ დავუშვებთ ჩვენს ევროპაში ვერც ერთი ქვეყნის დაკარგვას, რადგან ერთის დაცემა დაგვაახლოებს ყველას გახლეჩასთან და კონფლიქტთან. და უკიდურესად მნიშვნელოვანია მოლდოვის ევროპული არჩევანის მხარდაჭერა და საუბარია არა მხოლოდ არჩევნებზე, არამედ მოლდოველი ხალხის კეთილდღეობაზე – მან უნდა იგრძნოს ევროპის ძალა სიღარიბესთან ბრძოლაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.