
თბილისი დრაი პორტი, პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი თბილისში ოფიციალურად ამოქმედდა. ობიექტმა მიიღო, როგორც საბაჟო ზონის ავტორიზაცია, ასევე პირველი რკინიგზის ინფრასტრუქტურის ოპერირებისა და უსაფრთხოების სერტიფიკატი საქართველოს რკინიგზის სააგენტოსგან.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, პორტი სტრატეგიულად მდებარეობს, როგორც განუყოფელი ნაწილი საქართველოს ძირითადი საზღვაო პორტებისთვის ფოთისა და ბათუმისთვის, მომავალში ანაკლიისთვის და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადებში.
„მთელ მსოფლიოში და ასევე შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებში ვითარდება საპორტო, სატერმინალო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა გაზრდილი მოთხოვნიდან და ტვირთნაკადიდან გამომდინარე. განსაკუთრებით კი აღნიშნული ეხება საკონტეინერო ტვირთებს როგორც თანამედროვე სტანდარტს ტრანსპორტირებისთვის. ობიექტი შექმნილია მასშტაბური და ეფექტიანი ლოგისტიკური ოპერირებისთვის. სრულად პორტი შენდება 3 ფაზად 286 000 კვ.მ ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე დასრულებულია და საოპერაციოდ ფუნქიონირებს პირველი ფაზა , რომელშიც უკვე განხორციელდა 21 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია და ის მოიცავს: 110 000კვ.მ ტერიტორიას, რომელიც მოიცავს 50,000 მ² საკონტეინერო ეზოს სამი ერთეული ახალი საკონტეინერო ტექნიკით; სამ 600-მეტრიან სარკინიგზო ჩიხს; ორ საკუთარ სარკინიგზო ლოკომოტივს, რომლებიც დაკავშირებულია თბილისის დამხარისხებელ სადგურთან; 2,500 მ² გადახურულ სასაწყობე სივრცეს; სხვადასხვა ტიპის ამწე ტექნიკასა და სერტიფიცირებულ სასწორებს.
ამ ინფრასტრუქტურით პორტს შეუძლია ყოველწლიურად 100,000 TEU-ს დამუშავება, საბოლოოდ კი ყველა ფაზის დასრულების შემდეგ შეძლებს 200,000 TEU-მდე სიმძლავრის გაზრდას. მშენებლობის მეორე ფაზაში დაგეგმილია საკონტეინერო ეზოს გაფართოება, სარკინიგზო ჩიხის დამატება და თანამედროვე ა კლასის ტიპის 9800 კვ.მ საწყობის მშენებლობა. თბილისი დრაი პორტი, გარდა იმისა რომ ემსახურება ქართულ პორტებს, ასევე ფუნქციონირებს როგორც საერთაშორისო საზღვაო ხაზებისთვის საკონტეინერო ჰაბი და დეპო – კონტეინერების დამუშავებისა და გადაადგილების ოპერაციების გაუმჯობესების მიზნით. ის წარმოადგენს მნიშვნელოვან პუნქტს ჩინეთიდან და შორეული აღმოსავლეთიდან „შუა დერეფნის“ მეშვეობით რკინიგზით გადაზიდული კონტეინერებისთვის. ასევე, პორტი უზრუნველყოფს მოქნილ სატვირთო ნაკადებს ცენტრალური აზიიდან ან შორეული აღმოსავლეთიდან თბილისის დანიშნულებით სხვადასხვა სახის ტრანსპორტის გამოყენებით – რკინიგზით, მფლობელის კონტეინერით ან სატვირთო მანქანებით.
ა/წ 3 მაისს პორტმა მიიღო პირველი შემოსული მატარებელი, რომელიც MSC-ის საზღვაო ხაზის კუთვნილი 30 ერთეული 20-ფუტიანი სავსე კონტეინერით ჩამოვიდა ბათუმიდან. თითოეულ კონტეინერში 26 ტონაზე მეტი ტვირთი იყო განთავსებული, რაც წარმოაჩენს სარკინიგზო გადაზიდვის ეფექტიანობას, ეკოლოგიურ სარგებელს და მძიმე ტვირთის გადაზიდვის ეფექტურ შესაძლებლობას, სატვირთო სამანქანო ტრანსპორტთან შედარებით.
საზღვაო ხაზები, გადამზიდავები და ტვირთის მფლობელები ახლა სარგებლობენ მაღალი ხარისხის მულტიმოდალური ლოგისტიკური სერვისებით, რომლებიც ამარტივებენ მიწოდების ჯაჭვებს და ზრდიან სატრანზიტო პოტენციალს. პორტის სტრატეგიული ადგილმდებარეობა უზრუნველყოფს: პირდაპირ წვდომას საერთაშორისო ავტომაგისტრალებთან ქალაქის ცენტრის ავლით, ასევე პირდაპირ კავშირს ეროვნულ სარკინიგზო ქსელთან, უპირატესობაა სიახლოვე სახმელეთო საზღვართან – მხოლოდ 70 კმ სომხეთთან და აზერბაიჯანთან და სულ 7 კმ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. საქართველოს დედაქალაქში აღნიშნული პროექტი წარმოადგენს აბუ დაბი პორტს გრუპის, ნორვეგიული ვილჰელმსენ პორტ სერვისის და ადგილობრივი ინვეკოს კოლაბორაციას“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.