14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის არსებულ პროგრამებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ცხრა ასეთ პროგრამას ახორციელებს, რომელთა ბიუჯეტი 16 მლნ ლარამდეა.
„დედაქალაქში მიმდინარე წელს 2 400–მდე საკურორტო ვაუჩერი გაიცა „შშმ ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში. სოციალურად დაუცველი არასრულწლოვანი შშმ პირებისთვის არსებული პროგრამა ყოველწლიურად, 800-ლარიანი დახმარების გაცემას ითვალისწინებს. მის ფარგლებში, 1 300-მდე პირი იღებს ფინანსურ დახმარებას. გარდა ამისა, გვაქვს სოციალურად დაუცველი, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირთა დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებში, 900-ლარიან დახმარებას 600-ზე მეტი უსინათლო პირი იღებს. აღსანიშნავია, რომ ისინი, მათ გამცილებლებთან ერთად, მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტმა უნდა შექმნას ყველა პირობა, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ დამოუკიდებლად ცხოვრებისა და გადაადგილების, ასევე, საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის შესაძლებლობა.
„შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, შშმ პირთა და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების განცხადებები და პროექტები ფინანსდება. წლის დასაწყისიდან დღემდე, მერიამ 58 ასეთი განაცხადი დააფინანსა. ამასთან, შშმ პირები მერიის სამედიცინო საჭიროებების დაფინანსების პროგრამაში, პრიორიტეტულ ჯგუფს მიეკუთვნებიან. რაც მთავარია, აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ქალაქში დაცული იყო ინკლუზიურობის პრინციპი, ეს იქნება ქუჩა, მუნიციპალური ტრანსპორტი, რეკრეაციული სივრცე და სხვა ადგილები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.