იმ შემთხვევაში, თუ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი ვერ უზრუნველყოფს ალტერნატიული ფართის მოძიებას და პროგრამის ფარგლებში სერვისის მიწოდებას, ბავშვები და მოზარდები, მათი სურვილისამებრ, მერიის პროგრამის განმახორციელებელ სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან , – ამის შესახებ განცხადებას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არ მოხდება ბავშვებისთვის საჭირო თერაპიის სეანსების შეწყვეტა.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 100-ზე მეტი მოზარდი მომსახურების გარეშე რჩება.
საუბარია ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრზე, სადაც თბილისის მერიის “აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა და მოზარდთა აბილიტაციის” პროგრამის ფარგლებში, მომსახურებას იღებს 82 ბენეფიციარი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ცენტრი იხურება, რაც შენობის ავარიულობიდან გამომდინარე, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე დადგინდა.
იმ შემთხვევაში, თუ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რის შესახებაც მუნიციპალიტეტის მერია საქმის კურსში 12 სექტემბერს ჩააყენეს, აღნიშნული ცენტრი ვერ უზრუნველყოფს ალტერნატიული ფართის მოძიებას და პროგრამის ფარგლებში სერვისის მიწოდებას, ბავშვები და მოზარდები, მათი სურვილისამებრ, მერიის პროგრამის განმახორციელებელ სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან და არ მოხდება მათთვის თერაპიის სეანსების შეწყვეტა.
აღსანიშნავია, რომ მერიის პროგრამით მომსახურება, ჯამში, 1 850 ბავშვს და მოზარდს უფინანსდება”, – ნათქვამია განცხადებაში.